ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ გაეროს რეზოლუციაზე ვეტოს დადებისგან თავშეკავების გამო, აშშ-ში დელეგაციას აღარ გაგზავნის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არ გაგზავნის დელეგაციას ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს წინადადებაზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა.
მისი თქმით, ვაშინგტონის მხრიდან რეზოლუციის არდაბლოკვა აშშ-ის ადმინისტრაციის წინა პოზიციიდან აშკარა უკანდახევაა, რაც „ჰამასის“ წინააღმდეგ საომარ მცდელობებს, და ღაზის სექტორში ტყვეობაში მყოფი 130-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების საკითხს ზიანს აყენებს.
„ამერიკის პოზიციის ცვლილების ფონზე, პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დელეგაცია არ გაემგზავრება აშშ-ში“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. რეზოლუციას მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა.