„გაკვეთილის ახსნას ვიწყებ ილიას სახლ-მუზეუმის დათვალიერებით და მდინარე დურუჯის სათავეში ექსკურსიით“…

ბავშვობიდან სწავლის სიყვარულს და სიკეთეს უნერგავდნენ. დავალებებს ლამპის შუქზე წერდა… სტუდენტობის წლებიც გამორჩეული ჰქონდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე საუკეთესო ლექტორები ასწავლიდნენ.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყ თავის ყვარლის №1 საჯარო სკოლაში. საათები მისმა ქართულის მასწავლებელმა დათმო.  მას შემდეგ ამ სკოლაშია და მომავალი თაობების აღზრდის საქმეს ემსახურება. ღვაწლმოსილი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი მთელ ყვარელს უყვარს და ეამაყებათ.
ყვარლის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო იშხანიძის პერსონა.   

 ბავშვობიდან დასამახსოვრებელი?..
– ბავშვობა მხიარული და ხალისიანი მქონდა. კარგი დედ-მამა, პაპა, ერთი და, ორი ძმა და მე ბედნიერად ვცხოვრობდით. ჩემი მამა-პაპა ბევრს შრომობდა, რომ ბავშვებს არაფერი მოგვკლებოდა. ნატურალური პროდუქტით გვკვებავდნენ, სიკეთეს გვინერგავდნენ და სწავლისთვის გვაქეზებდნენ. ბავშვობიდან დამამახსოვრდა, რომ მაგიდაზე ორი ქაღალდჩამოფარებული ნავთის ლამპა იდგა და დავლებებს მის შუქზე ვწერდით.
რატომ აირჩიეთ ფილოლოგობა?
– ქართულ ენასა და ლიტერატურაში საუკეთესო მასწავლებელი – ვენერა კოკორაშვილი მყავდა და მას მივბაძე.
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ. რას გაიხსენებთ სტუდენტობის წლებიდან?
– სტუდენტობის წლები ლამაზი იყო, თბილი, მშვიდი და მე ვიყავი დედამიწაზე მოსიარულე ღმერთების შეგირდი, ჩემი ლექტორები იყვნენ: აკაკი და მზექალა შანიძეები, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, ივანე იმნაიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ჯიბლაძე, გრივერ ფარულავა და სხვა მრავალი.
–  ყვარლის  №1 საჯარო სკოლაში მუშაობთ…
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ჩემს სკოლაში (ყვარლის №1 საჯარო სკოლა). საათები ჩემმა ქართულის მასწავლებელმა დამითმო. ყვარლის №1 საჯარო სკოლა გამოირჩევა და მუდამ გამოირჩეოდა ძლიერი პედკოლექტივით, რაც არაერთი კვლევით დადასტურდა. აქ ვმუშაობ 1968 წლიდან დღემდე.
ტრადიციად აქციეთ ყოველწლიური ილიაობისადმი მიძღვნილი საღამოები…
– სკოლაში ჩატარებული მრავალი ღონისძიებიდან თითქმის კანონად ვაქციე ყოველ წელს ილიაობისადმი მიძღვნილი დიდი ლიტერატურული საღამო. ცალკე გამოვყოფდი მცირე თეატრალურ ნაწყვეტებს „ჰამლეტიდან“ და „მეფე ლირიდან“.
ყვარელი დიდი ილიას სამშობლოა… ალბათ ძალიან საამაყოა, როცა ილიაზე ხსნით გაკვეთილს?
– ყვარლელ ბავშვებს განსაკუთრებით გათვითცნობიერებული აქვთ ილიას როლი საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებული მონდომებით სწავლობენ პროგრამულ და არაპროგრამულ მასალას. გაკვეთილის ახსნას ვიწყებ მისი სახლ-მუზეუმის დათვალიერებით და მდინარე დურუჯის სათავეში ექსკურსიით, სადაც შემორჩენილია ჭავჭავაძის დროინდელი ჯებირები ამ ღვარცოფული მდინარის ნაპირებზე.
„ბარბარიზმების ნიაღვარი ქართულში“ – თქვენი პროექტია. ქართული ენის სიყვარული და მის სადარაჯოზე დგომა – უწინარესად, სწორედ მასწავლებლის საქმეა. მაგრამ დღეს ეს რთულია, რადგან მავანნი უძველეს ქართულ ენაზე წერასაც კი თაკილობენ და ლათინურ დამწერლობას იყენებენ…
– დღეს მოდაშია ინგლისური ენა, ქართულის მასწავლებლებს გვევალება შევაყვაროთ მშობლიური ენა, ამას ვახერხებთ შემდეგი საშუალებებით: ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი ენის უპირატესობებზე, ჩვენ რომ ვკითხულობთ მათ ნაწერს და ისინი ვერ კითხულობენ ჩვენსას. მსოფლიოში უამრავი ენაა, დამწერლობა კი მხოლოდ 14. მათ შორის ერთ-ერთი ქართულია. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში მიიღეს, ქრისტიანობის გავრცელება წიგნიერებით მოხდა და რომ ტრადიციები გვაქვს „სიბრძნით განსაზღვრებული და ბრძენთაგან დაუწუნებელი“.
სასწავლო პროგრამა… რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– სასწავლო პროგრამაში შევამცირებდი უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს. ბევრი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნაწარმოებია, მაგრამ ვამჯობინებდი მათ გადატანას კლასგარეშე საკითხავად და სასწავლო პროგრამაში მეტი ქართული და პატრიოტული ნაწარმოების შეტანას.
ამას წინათ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლებას სკოლაში დიდი კამათი მოჰყვა… ჰაგიოგრაფია ისე, როგორც დღეს ისწავლება, არაფერს აძლევს თანამედროვე ბავშვსო – მავანმა ასე მიიჩნია…
– ჩემი აზრით, ჰაგიოგრაფიიდან რაიმე არათუ ამოღებული უნდა იქნას, არამედ თოთხმეტივე ტექსტის შესახებ უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა ყველა ქართველს.
 მოზარდი ნაკლებად კითხულობს წიგნს…  რა როლი ენიჭება ქართულის მასწავლებელს?
– ქართულის მასწავლებელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს საზღვარგარეთული ლიტერატურაც და პარალელები უხვად მოჰქონდეს გაკვეთილზე. მის მონაყოლ ამბავს უნდა ჰქონდეს ქარიზმატულობა და ბავშვები თვითონ დაინტერესდებიან და მოძებნიან წიგნებს.
 ნატვრა, რომელიც ვერ შეგისრულდათ?
– ბავშვობიდან სურვილი მქონდა, ყვარელს სარკინიგზო ხაზები ჰქონოდა და ჰყოლოდა მატარებლები.
 ოჯახი…

ახალგაზრდობის წლები…

– ოჯახში სამი შვილიშვილი, მყავს ერთი ვაჟი და მისი და მეუღლე, ანუ რძალი. რძალიც მასწავლებელია. ბადრის და სალომეს მე-9, მე-7 კლასის მოსწავლეებს კითხვა ძალიან უყვართ. ლაშა-გიორგი მე-3 კლასელია და სპორტი იზიდავს.
ვაჟმა, ჩემმა შვილმა – გიორგიმ თსუ-ის საინჟინრო-ეკონომიკური დაამთავრა, რძალი – ინგლისური ენის ფილოლოგია.
რას შეცვლიდით ყვარელში?
– არაფერს. როგორიც არის, ასეთი მიყვარს.
დამსახურებულ მასწავლებელს საამაყო გექნებათ… ალბათ…
– საამაყო ბევრი რამ მაქვს. ჩემი ნამოწაფრები პროფესორები და თანამდებობის პირები არიან. ჩემს სკოლაში 24 ჩემი ნამოწაფარია სხვადასხვა საგნის მასწავლებლად. ორი მათგანი ფილოლოგია.
მწერალი, რომელსაც სიხარულით ასწავლით მოსწავლეებს…
– შოთა რუსთაველი.
   გეგმები…
– ვფიქრობ დრამატული წრის ჩამოყალიბებას. რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ მსახიობობა, რამდენიმე მწერლის ნაწარმოებს დავდგამ.


                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები