„თუ მომინდება ტელევიზიაში გამოჩენა, ფულს გადავიხდი საეთერო დროში“
სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE”-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ სატელევიზიო ეთერის დროს იყიდის და საკუთარ საქმეზე ისაუბრებს. მარიამ კუკუნაშვილს მედიასაშუალებების ზოგიერთი ჟურნალისტი და პროდიუსერი ქართულ ფილმის – „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ პერსონაჟებს აგონებს. ამის შესახებ მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„ჩვენს ჟურნალისტებზე მახსენდება ქართული ფილმი ”ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, კერძოდ, ის მომენტი, როდესაც ერთი პერსონაჟი უყვება მეორეს მესამეზე, საოცარი რამ ქნაო, რძე დალია და მჟავე კიტრი დააყოლაო… სინამდვილეში კი რძე დალია, მჟავე კიტრი დააყოლა და კედელზე ავიდა და ჭერზე გაირა… მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ყოველდღე მიკავშირდება აბსოლუტურად ყველა არხის სხვადასხვა გადაცემა მათ გადაცემებში ჩემი მისვლის თაობაზე, ოღონდ იქ უნდა მივიყვანო სუროგატები ან/და ვისაუბრო გეებზე და ტრანსსექსუალებზე. როდესაც ვუთხარი, რომ ჩემზე გაკეთებულიყო გადაცემა და არა სუროგატებზე, მიპასუხეს, შენმა მეზობლებმა და ნაცნობებმა ხომ არ უნდა უყურონ მარტო, ხალხისათვის ყურებადი ხომ უნდა იყოსო… ხოლო როდესაც ამაზე მივუგე, მაშინ ორგანიზაციის წარმომადგენელსა და სუროგატებს გამოგიგზავნით- მეთქი, მერე კი გაიჭედნენ თავისივე ნათქვამში… თან ყოველივე მსგავს შემოთავაზება-მიწვევებს ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ ეს ყველაფერი ჩემს პიარს ემსახურება და მათი მხრიდან პატივისცემის ელფერიც დაკრავს… უკაცრავად, მაგრამ ჩემი თავმდაბლობა არ ნიშავს იმას, რომ ვერ ვაცნობიერებდე სრული სიგრძე – სიგანით ჩემს გაქანებასა და შესაძლებლობებს..გასაგებია, ისინი ვიწრო ქართული ყვითელი ჭრილით უყურებენ ამ ყველაფერს, მაგრამმმმ – მე, რომელიც დედამიწას ორმოცდამეათე წრეს ვარტყავ და ქვეყანა არ დარჩენილა, რომლის პრესაში ან ტელევიზიაში მე არ მიმეღოს მონაწილეობა, რატომ უნდა ვუყურებდე ასე.. ან მკითხე, პიარი მჭირდება თუ არა, მაშინ, როდესაც 9 ვე ქვეყნის ნიუ ლაიფის ფილიალში 3-4- თვიანი waiting lists გვაქვს პაციენტების.. და ან სუროგაციაზე და ტრანსსექსუალ გეებზე საუბარი რა პიარია ჩვენს ქვეყანაში, არ ვიცი ..??? მოკლედ, უარი მსგავს გადაცემებს.. დიდი ხანია გავთავისუფლდი იმ კომპლექსებისგან, როგორიცაა ნებისმიერ თემაზე რაკა- რუკი, ტელევიზორში გამოჩენის ფასად.. მშვიდ ცხოვრებას არაფერი სჯობს, და თუ მაინცდამაინც მომინდება ტელევიზიაში გამოჩენა, ფულს გადავიხდი საეთერო დროში და რაზეც მინდა იმაზე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ინტელექტუალურ და საინტერესო თემებზე… სუროგაციას რაც შეეხება, უკვე წელიწადნახევარია ამ საქმეს ჩამოშორებული ვარ და ვინმეს თუ დააინტერესებს კომენტარები ამ თემებზე, 8 ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაა საქართველოში თავისი სუროგაციის ცენტრებით და მათ მიმართეთ“, – წერს მარიამ კუკუნაშვილი.