პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შენიშვნებს მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 61 წინააღმდეგი იყო.
ხელმოსაწერად წარმოდგენილი ცვლილებებით ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიული წევრებისგან ოპოზიციის კვოტით აირჩევა.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე კენჭი ეყარა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თავდაპირველ რედაქციას, რომელსაც პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.
პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ელ მაისამდე აქვს.