მოლდოვაში, სავარაუდოდ ოქტომბერში, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ სურს, ოქტომბერში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმი გაიმართოს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სანდუმ თქვა, რომ მიმართა პარლამენტს, დაიწყოს საკონსტიტუციო რეფერენდუმის პროცედურა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ჩატარდება.

”მოლდოვის მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირი არის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტი, მაშინ როდესაც რუსეთი მუდმივად ცდილობს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას. რუსეთის თავდასხმები და პროვოკაციები გაგრძელდება, მაგრამ მე მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ შეშინდნენ და მხარი დაუჭირონ პროევროპულ რეფერენდუმს, რადგან ევროკავშირი არის ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მაია სანდუს თქმით, რეფერენდუმი არ მისცემს საშუალებას, რომ მოლდოვაში პროევროპული მოძრაობა შეჩერდეს ან მიმართულება შეცვალოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

„ეს უნდა დადასტურდეს და ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რათა ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამ მიმართულების სასარგებლოდ ხალხის ხმა პოლიტიკური კლასისთვის იყოს სავალდებულო“, – თქვა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, რეფერენდუმის საბოლოო თარიღს პარლამენტი აირჩევს.

ჯერჯერობით უცნობია, დაუშვებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო რეფერენდუმის ჩატარებას საპრეზიდენტო არჩევნების დღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები