გაგაუზიის ხელმძღვანელი მოლდოვის პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლებს

გაგაუზიის ხელმძღვანელმა, ევგენია გუცულმა განაცხადა, რომ მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს “ავტონომიისა და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო” სასამართლოში უჩივლებს.

მაია სანდუმ 18 მარტს განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს გუცულის მთავრობის წევრად დანიშვნის შესახებ ბრძანებას, რადგან ის „კრიმინალურ ჯგუფზე მუშაობს“.

„ამ დრომდე ვაიგნორებდი მოქალაქე სანდუს ამ ტყუილს და ცილისწამებას, მაგრამ ის უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. პასუხს კანონის წინაშე მოვთხოვ. ჩვენი ადვოკატები დაუყოვნებლივ შეიტანენ სარჩელს მოქალაქე მაია სანდუს წინააღმდეგ, ღირსების შელახვის გამო, იმ სიცრუისა და ცილისწამებისთვის, რომელიც მან 2024 წლის 18 მარტს გაავრცელა”, – დაწერა გუცულმა სოციალურ ქსელში.

2023 წლის ივლისში ევგენია გუცული გაგაუზიის ბაშკანის (ხელმძღვანელის) ფიცი დადო, თუმცა, ცერემონია მრავალი დარღვევით და მასში გუცულის წინამორბედის და მოლდოვის ხელისუფლების დასწრების გარეშე ჩატარდა.

გასული წლის ივნისში მოლდოვამ პარტია “შორ”-ი, რომელსაც ევგენია გუცულიც წარმოადგენს – ანტიკონსტიტუციურად რუსეთთან თანამშრომლობის გამო გამოაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტი კი, მაია სანდუ მთავრობის წევრად გუცულის დამტკიცების შესახებ ბრძანებას ხელს არ აწერს.

​გაგაუზია არის მოლდოვის სამხრეთში არსებული ავტონომია, რომელიც ტრადიციულად რუსეთთან დაახლოების მომხრეა მაშინ, როდესაც კიშინიოვს ევროინტეგრაციისკენ მიმართული კურსი აქვს.

ბოლო დროს გუცულის რუსეთში ხშირი ვიზიტები ფიქსირდება. ერთი კვირის წინ ევგენია გუცული ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა და ამის შემდეგ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი მას და ავტონომიის მოსახლეობას “დახმარებას და მხარდაჭერას დაჰპირდა”. გარდა ამისა, გუცულის თქმით, რუსეთში “იაფი რუსული გაზის” მიღებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები