“უკრაინაში პუტინის გამარჯვება საშიშია აზერბაიჯანისთვისაც” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კავკასიის რეგიონი ალიანსის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

მისი თქმით, ნატო კავკასიის ქვეყნებთან პარტნიორობის განვითარებას ცდილობს და ამ ჭრილში საქართველო განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, რადგან მან ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა.

ამის შესახებ მან აზერბაიჯანში ვიზიტის დროს Azertag-თან ინტერვიუში თქვა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ კავკასიის რეგიონი უკრაინისგან, სადაც რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, არც ისე შორს არიან,  ამიტომ, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამას გავლენა ექნება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ – კავკასიისთვის და მათ შორის აზერბაიჯანისთვის.

“კავკასიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორი გვყავს. ანუ, კავკასია ნატოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს მნიშვნელობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატო ცდილობს, კავკასიის ქვეყნებთან პარტნიორობა განავითაროს. რა თქმა უნდა, საქართველო განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, რადგან მან ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა.  ჩვენი მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. კავკასია, ასევე, არც ისე შორს არის უკრაინისგან, სადაც რუსეთი სრულმასშტაბიან აგრესიულ ომს აწარმოებს, რომელიც გავლენას ახდენს მთელ ევროპაზე. ამას მნიშვნელობა აქვს კავკასიისთვისაც. თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს იქნება გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანისა და ნატოს მოკავშირეებისთვის. იმიტომ, რომ ეს იქნება ერთგვარი მესიჯი პრეზიდენტ პუტინისთვის: თითქოს, სამხედრო ძალის გამოყენებით მას შეუძლია, მიიღოს ის, რაც სურს. ანუ ის დაინახავს, ​​რომ გამართლებულია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, სხვა ქვეყანაში შეჭრა, რაც მომავალში ნებისმიერს გაუზრდის ძალის გამოყენების სურვილს. ამიტომ, ჩვენი, ნატოს მოკავშირეების, ისევე როგორც აზერბაიჯანის და მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნის ინტერესებშია, არ დავუშვათ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება. მე ვაფასებ იმ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რომელიც აზერბაიჯანმა უკრაინას გაუწია, ასევე, იმ აღჭურვილობას, რომელიც ქვეყანას მიეწოდება ტერიტორიების განაღმვის მიზნით. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღება, რადგან მან უნდა გადაიხადოს საერთაშორისო სამართლის დარღვევის, უცხო ქვეყანაში შეჭრის ფასი”, – განმარტა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები