“საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოეწყო” – პოლონეთის საგარეო უწყება
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები შეუძლებელია, იყოს მიჩნეული კანონიერად, თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებული, რადგან კენჭისყრა მოსახლეობის მკაცრი რეპრესიების პირობებში ჩატარდა, რამაც თავისუფალი დემოკრატიული არჩევანი შეუძლებელი გახადა.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია.
უწყებაში აღნიშნეს, რომ, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, არჩევნები მოეწყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, მოლდოვის დნესტრისპირეთსა და საქართველოს რეგიონებში – ცხინვალის/ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში.
„ამ მეთოდით ორგანიზებული „არჩევნები“ არ შეიძლება, ჩაითვალოს კანონიერად, თავისუფლად და სამართლიანად“, – აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეპრესიული კანონმდებლობის თანმიმდევრული შემოღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებსა და უფლებებს; პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა – ნიშნავს, რომ ეს „არჩევნები“ არც შეიძლება, ჩაითვალოს თავისუფლად ან სამართლიანი.