ქვის ოსტატი გელა ქილიტაური და მისი მარჯვენით დამშვენებული საქართველო

ქართულ სამშენებლო საქმეში ქვას მუდამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. მისით აგებული ღობეები, ციხე-კოშკები და ტაძრები საუკუნეების განმავლობაში მტკიცე პერანგად ევლებოდა ჩვენს მიწა-წყალს და ქართული ხასიათისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზეც ძლიერი გავლენა მოახდინა. პირადად მე, ძველი კალატოზებისა და ქვით ხუროების მიერ ნაგები კედლები ქართულ პოლიფონიურ სიმღერას მაგონებს, სადაც ყველა ქვას თავისი ხასიათი და ჟღერადობა გააჩნია, მათი ერთობლიობა კი თითქოს ქვებით დაწერილ მუსიკას გასმენინებს…
დღეს ქვის ამგვარ მესაიდუმლეებს ისე ხშირად ვეღარ შეხვდებით, ლამის გაქრობის გზაზე დამდგარა ეს კურთხეული ხელობა. ახლა რომ მამაპაპეული ქვის გალავნის გაკეთება მოისურვო, ეს არც ისე იოლად თავმოსაბმელი ამბავია, რადგან სანთლით საძებარი გამხდარა მცოდნე და გემოვნებიანი მშენებელი.
ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინათ, კახეთის სოფლებში გზის პირებზე ხშირად შეხვდებოდით ქვის ღობეებსა და გალავნებს, ამ ბოლო წლებში, როგორც ჩანს, სულ უფრო შემცირებულა მათი რაოდენობა, ღობეების უმეტესობა მორღვეულა, არავინ ცდილა მათ აღდგენას. ბოლო ხანებში ღობეებისთვის საშენ მასალად ძირითადად ბეტონს იყენებენ, რაც სრულიად აუსახურებს საქართველოს ამ დიდებული კუთხის ბუნებრივ ლანდშაფტს. ბევრ სოფელს გაივლი და იშვიათად რომ თვალი და გული რომელიმე ღობემ მიიტაცოს…
ამას წინათ სოფელ გურჯაანში, ყველაწმინდის მონასტრის ასახვევთან, ჩემი ყურადღება ერთმა ახლად აშენებულმა გალავანმა მიიპყრო, რაც იმდენად სასიამოვნო მოულოდნელობად მეჩვენა, რომ გავკადნიერდი და მის მეპატრონეს ჭიშკრის კარი შევუღე, მივულოცე ქვის ღობის გასრულება და ვკითხე, ვინ იყო მისი ამშენებელი? ასე შევიტყვე პირველად სიღნაღელი ქვითხუროს გელა ქილიტაურის სახელი. მისმა ნახელავმა გადამაწყვეტინა, პირადად გამეცნო იგი და მადლობა მეთქვა მამა-პაპათა ხელობის ერთგულებისთვის.
გელა ქილიტაური უაღრესად საინტერესო ბიოგრაფიის პიროვნებაა. უპატიოსნესი და გულნათელი ქართველი, რომელმაც 1990 წელს დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლა… 1992 წელს ჯარში გაიწვიეს. ლაგოდეხში იყო განლაგებული მათი სამხედრო ნაწილი… სწორედ იმ ზაფხულს ატყდა ომი აფხაზეთში და გულანთებული ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად პირდაპირ სოხუმისკენ გაეშურა, პირველივე დღეებიდან ჩაერთო ბრძოლებში, სადაც მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად ურთულეს პირობებში უწევდა მეომრული ვალის მოხდა.
1993 წლის სექტემბერში, სოხუმის დაცემის შემდეგ გალისკენ გადმოინაცვლეს და იქ მონაწილეობდნენ ცხარე ბრძოლებში… ელოდნენ ბრძანებას, რომ კვლავ წინ წავიდოდნენ და გადაარჩენდნენ აფხაზეთს, დაიცავდნენ საქართველოს მთლიანობას… ის მხოლოდ 1993 წლის დეკემბერში დაბრუნდა სახლში. დიდი შოკი და ტრავმა დაუტოვა ამ ომმა. რამდენიმე თვე დასჭირდა მის გამოკეთებას.
მშობლების განსაკუთრებულმა ზრუნვამ და სითბომ თანდათან შემოაბრუნა ცხოვრებისკენ. მამა თენგიზი კარგი კალატოზი იყო, ბევრი სახლი აქვს აშენებული სიღნაღში. გელამ ყურად იღო მისი შეთავაზება, გაჰყოლოდა და მშენებლობის პროცესს დაკვირვებოდა. მას სურდა, გელას გული დაედო კალატოზობისთვის, მამის საქმეც გაეგრძელებინა და „პური თვისი არსობისა“ ამ ხელობით მოეპოვებინა. მამის და მისი მეგობრის შესანიშნავი პროფესიონალის – ვალერი მერაბიშვილისგან ბევრი რამ ისწავლა გელამ. იგი გულდასმით აკვირდებოდა მშენებლობის ყველა წვრილმანს. მიხვდა, რომ ეს საქმე ძალიან საინტერესოა და უმისოდ თავი ვეღარ წარმოედგინა. პაპა გოგია და დიდი პაპა სტეფანე სიღნაღში ძალიან საინტერესო ხალხი ყოფილა, შვილიშვილებს საქართველოს სიყვარულით ზრდიდნენ. გელა დედის მხრიდან მოხევეა, პაპა ვანო მნათობიძე კი შვილიშვილებისთვის მისაბაძი კაცი ყოფილა, სწორედ მისგან სმენიათ, რომ 300 არაგველს შორის, ვინც სამშობლოსთვის უყოყმანოდ გაწირა თავი, ერთი მათი წინაპარიც ყოფილა!
ჩემს სტატიას ორი მიზანი აქვს, ერთი, რომ ფართო საზოგადოებას გავაცნო გელა ქილიტაურის საქმიანობა და ასევე ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ოსტატობა და გამოცდილება, რომელიც მან ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დააგროვა, საიმედოდ გაგრძელდეს. მინდა, რომ მან აღზარდოს ქვით ხუროთა და მშენებელთა ახალ თაობა, რომლებიც გელას მსგავსად უერთგულებენ ამ პროფესიას, რადგან ეს ძალიან საჭირო საქმეა საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის. ქართული ტრადიციული ღობის, გალავნის, ბურჯების, ქვის და აგურის კიბეების, თაღებისა და კამარების მშენებლობით 20 ახალგაზრდაც რომ დაინტერესდეს, ეს უკვე დიდი საქმე იქნება.
საჭიროა შეიქმნას სკოლა, სადაც გელა ქილიტაური პრაქტიკულად აჩვენებს და გადასცემს ყმაწვილებს თავის ცოდნას. ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, თუ გელას ცოდნას გონივრულად არ გამოვიყენებთ. ახლა იგი 50 წლის ჯან-ღონით სავსე კაცია, მაგრამ ოცი წლის შემდეგ ასე აქტიურად და ნაყოფიერად ხომ ვეღარ ააშენებს?! ამიტომ საშური საქმეა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თაოსნობით პროფესიული განათლების განხრით შეიქმნას სპეციალური კურსი ან პროექტი, რომელშიც გაერთიანდებიან სიღნაღისა და ახლომდებარე რაიონების ახალგაზრდები. მათ გელა ქილიტაურმა ლექციების სახით უნდა გაატაროს მშენებლობისთვის ყველა საჭირო საფეხური. ეს ყველაფერი კი ტექსტის სახითაც უნდა ჩაიწეროს. ასევე შეიქმნება ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ბოლოს სახელმძღვანელოს სახეს მიიღებს და ამ პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
სიღნაღში ბევრ ეზოს და ქუჩას, ეკლესიას თუ სამრეკლოს ატყვია გელა ქილიტაურის მადლიანი გარჯა. აქ ილია ჭავჭავაძის, ვანო სარაჯიშვილის, წმინდა გიორგის ქუჩები მისი ღობეებით არის დამშვენებული. მე ასევე ვნახე ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ტიბაანის, ზემო მაღაროს, მაშნაარის, კარდენახის, ბაკურციხის, ვეჯინის ათობით კერძო სახლი და ეკლესია-მონასტერი, რომლის დაზიანებული ნაწილები, სამრეკლო, გალავნები, კიბეები და თაღები ოსტატ გელა ქილიტაურის მიერ არის აღდგენილი და აშენებული.
გელა მართლაც ვალმოხდილი ადამიანია თავისი სამშობლოს წინაშე და, მგონი, დადგა დრო, რომ ამ პატრიოტი და ნიჭიერი კაცის შრომა შევნიშნოთ და ჯეროვნად დავაფასოთ. მის ნამუშევრებს უტილიტარულის გარდა, ბუნებრივი სინატიფე და მაღალი ესთეტიკური მხარეც გამოარჩევს. იგი არის ქვის, აგურის, კრამიტის ნამდვილი მესაიდუმლე, მის ხელში ეს სამშენებლო მასალები უჩვეულო ტრანსფორაციას განიცდის და სრულიად ახალებურ სიცოცხლეს და სუნთქვას იძენს. ეს მარტო ეზოს დამცავი კედლები როდია, ისინი უმალ მხატვრული კომპოზიციებია, რომლებიც ყველაზე მეტ სიახლოვეს ქანდაკების და ქართული პოლიფონიის ხელოვნებასთან ავლენს…
წლეულს, იანვრის დასაწყისში გელასთან ერთად ვეწვიე სიღნაღს. მახსოვს, როგორ დამამწუხრა სიღნაღის სიმბოლოდ ქცეული თაღის გაქრობამ, რომელიც წელიწადზე მეტია ასე იავარქმნილი დგას და აღდგენას ელის. მაშინ ვეხუმრე გელას, ასეთი ხელის პატრონი ჰყავს შენი სახით სიღნაღს და განა არ შეგიძლია ამ თაღის აშენება-მეთქი?! მახსოვს გელას გაკვირვებული სახე. შევატყვე, რომ უდიდეს, თუმცა სასიამოვნო ტვირთად მიიჩნია “ჩემს მიერ დაკისრებული” ამოცანა და ასე მომოგო: იოლი არ არის ეგ ამბავი, მაგრამ თუკი ვინმეს გავახსენდები და მომაკითხავენ, მზად ვარ, ეს მისია ვიკისროო.
ამ დღეებში ჩემამდე მოაღწია ცნობამ, რომ გელა ქილიტაურს მართლაც დაუკავშირდნენ და სთხოვეს აღნიშნული თაღის აღდგენა. ეს მართლაც გონივრული და იმედის მომცემი გადაწყვეტილებაა, რადგან ვისაც უნახავს გელას ნამუშევრები, ის ირწმუნებს, რომ იგი ამჯერადაც გამარჯვებული გამოვა მინდობილი საშვილიშვილო საქმიდან…
იმის შემდეგ, რაც გელა ქილიტაურზე ზევით გიამბეთ, ბოლოს ჩემს გულწრფელ ფიქრს გამოვთქვამ: კაცი, ვინც ასე დაამშვენა სიღნაღის და მეზობლად მდებარე სოფლების საეკლესიო და საცხოვრებელი სახლების იერსახე, ვინც უკვე სამი ათეული წელიწადია ასეთი გემოვნებით, ტრადიციის დაცვით და დიდი სიყვარულით აშენებს კედლებს, გალავნებს, გოდოლ-ბურჯებს და სამრეკლოებს. კაცი, რომელიც ერთნაირად ვალმოხდილია ერის და ბერის წინაშე, განა არ იმსახურებს სიღნაღის საპატიო მოქალაქედ არჩევას? ჩემი აზრით, ამ წოდებას ღირსება და წონა შეემატება, თუკი 2024 წელს სხვა ღვაწლმოსილ ადამიანებთან ერთად გელა ქილიტაურსაც მივულოცავთ ამ ტიტულს.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები