არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციონერებმა უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო დაიშლებიან, ჩვენ გვაქვს მეტი შანსი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა
ოპოზიციონერებმა უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო დაიშლებიან, ჩვენ გვაქვს მეტი შანსი, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. რაც უფრო გაერთიანებიან, ჩვენ გვაქვს მეტი შანსი, რომ უფრო ადვილად ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ეს არის რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მათი სტრატეგია და საარჩევნო მიზნები ეფუძნება საზოგადოების მათდამი ნდობას და აღებული პასუხისმგებლობების შესრულებას. ეს არის ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, შემდგომი ეკონომიკური უზრუნველყოფა და კიდევ უფრო მეტად ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაცია.
„ნომერ პირველი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანებია, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი გეგმა და სასაუბრო ხალხთან ესაა. ჩვენ არ ვაწყობთ გეგმებს, როგორი იქნება ოპოზიცია. ჩვენ ვაწყობთ გეგმებს, რისი გაკეთება შევძელით და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში.
ოპოზიციონერებმა უნდა იცოდნენ ერთი, რომ რაც უფრო დაიშლებიან, ჩვენ გვაქვს მეტი შანსი, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. რაც უფრო გაერთიანდებიან, ჩვენ გვაქვს მეტი შანსი, რომ უფრო ადვილად ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ეს არის რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ არიან ამ ორ ცეცხლს შუა და ამიტომ არის ასეთი ინფლაცია ოპოზიციაში და ასეთი დაბნეულობა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.