ნინო გიორგობიანი კიბერდანაშაულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ არასწორად იქნა გაგებული.
კონკრეტულად კი ის ნაწილი, სადაც ის კიბერდანაშაულის შესახებ საუბრობს.
როგორც ნინო გიორგობიანი განმარტავს, საქმე კიბერდანაშაულს ეხება, და არა იმას, რომ ინტერნეტში გინების ან რაიმე მსგავსის გამო პოლიცია ვინმეს დაიჭერს.
“ახლა გადავხედე მსჯელობას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ კითხულობთ ბოლომდე სტატიებს.. და სათაურმა შეცდომაში შეგიყვანათ… აქ დაგიწერთ და იქნებ წაიკითხოთ, რას ვამბობ, საქმე კიბერდანაშაულს ეხება, და არა იმას, რომ ინტერნეტში გინების ან რაიმე მსგავსის გამო პოლიცია ვინმეს დაიჭერს, გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში განვაცხადე, რომ თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ კიბერდანაშაულის შესახებ, მიმართეთ პოლიციას-თქო. აი რა ვუთხარი „ალიას“:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო 2012 წლის ოქტომბერში შეიქმნა. აღნიშნული სამსახური 2012 წლიდან მიერთებულია კომპიუტერული დანაშაულების შესახებ ბუდაპეშტის 2001 წლის კონვენციას. იმის გათვალისწინებით, რომ კიბერდანაშაული წარმოადგენს 21–ე საუკუნის მთავარ გამოწვევას და ასევე კიბერდანაშაულის კონვენციით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, 2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. აღნიშნულ ორგანოს ევალება კიბერსივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. გარდა ამისა, შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა კომპიუტერულ–ციფრული ექსპერტიზის ქვეგანყოფილება, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ციფრული მტკიცებულებების პირველად მოპყრობასა და მათ შემდგომ ექსპერტიზას. 2013 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის სტრატეგია, რომელშიც ცალკე თავად არის წარმოდგენილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი საკუთარი დანაყოფების შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინთაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერდანაშაულის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს კერძო სექტორის დაბალი ცნობიერება წარმოადგენს. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია 2013-2015 წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს. 2012 წლიდან მოქმედებს ,,საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც აწესებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს საჯარო და კერძო სექტორისთვის. თუ ვინმემ ინტერნეტსირვცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, გთხოვთ, მიმართოთ განცხადებით პოლიციას ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: „112“ – უფასო „ცხელი ხაზი“ 24 საათის განმავლობაში, ტელ: 241 12 96, 241 17 67“, – აღნიშნავს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები