დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც კრიმინალი ადეიშვილი ევროპის მთავარ პოლიტიკურ მოედანზეა წარმოჩენილი, ეს არ არის დასავლური ურთიერთობა, პარტნიორობა ნიშნავს არა ბატონყმობას, არამედ ურთიერთპატივისცემას

როდესაც კრიმინალი ადეიშვილი ევროპის მთავარ პოლიტიკურ მოედანზეა წარმოჩენილი, ეს არ არის დასავლური ურთიერთობა, პარტნიორობა ნიშნავს არა ბატონყმობას, არამედ ურთიერთპატივისცემას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების იმ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც ისინი საზოგადოებრივ მოძრაობას ანტიდასავლური რიტორიკის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

ხუნდაძის თქმით, დასავლეთთან ურთიერთობა დასაკორექტირებელია.

„თქვენ გგონიათ თავისით შემოვიდა უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი?! ან უსაფუძვლოდ წუხან, როდესაც გახსოვთ თქვენ, მთელი ელჩების დელეგაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით უნდა განთავისუფლებულიყო?! მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით არ შემოსულა და პარტნიორებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დასაკორექტირებელია, ურთიერთობაა დასაკორექტირებელი და არა საგარეო ხაზები ან სადმე გადასამისამართებელი. როდესაც ადეიშვილი, კრიმინალი, რომელსაც იცნობს ყველა, ეს ადამიანი არის ევროპის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე წარმოჩენილი და მაღალი დონის შეხვედრებს ახორციელებს, ეს არ არის დასავლური ურთიერთობა. რა თქმა უნდა, პარტნიორული ურთიერთობები ამ კუთხით გადასახედია იმიტომ, რომ პარტნიორობა ნიშნავს არა ბატონყმობას, ან უფროსი და უმცროსი ძმის ურთიერთობას, არამედ ურთიერთპატივისცემას. დასავლეთი ჩემთვის კანონის უზენაესობითაა მიმზიდველი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები