გაგაუზიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პუტინთან “გაზპრომის” იაფ გაზზე აწარმოებდა მოლაპარაკებას
მოლდოვის ავტონომიური ოლქის გაგაუზიის ხელმძღვანელმა (ბაშკანმა), ევგენია გუცულმა განაცხადა, რომ რუსეთში მივლინების დროს პირდაპირ “გაზპრომისგან” იაფი გაზის მიღებაზე, ასევე, მოსახლეობისთვის „ხელფასის დანამატებზე” მოლაპარაკებას აწარმოებდა.
ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.
ბაშკანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთში შეხვედრებზე, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რეგიონისთვის იაფი გაზის საკითხი და მაცხოვრებლებისთვის რუსეთის „სპეციალური ანგარიშებიდან“ პრემიების გადახდის საკითხი განიხილა.
“ადრე მოლდოვის ხელისუფლება არ გვაძლევდა საშუალებას, დაგვედო გაზის ხელშეკრულება თურქულ მხარესთან. ჩვენ თხოვნით რუსეთს მივმართეთ, რომ პირდაპირ “გაზპრომისგან” სპეციალურ ფასად მივიღოთ გაზი”,- თქვა გუცულმა და დასძინა, რომ იურიდიული ნიუანსების განხილვა გრძელდება.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთში „სპონსორები“ იპოვა, რომლებიც მზად არიან გაგაუზიის ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხონ, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, კიშინიოვის მიერ იქნება ამოღებული.
გუცულმა თქვა, რომ ამ კუთხით მან მიმართა რუსეთის ფედერაციას „გაგაუზიის მაცხოვრებლებისთვის ანგარიშების გახსნის შესახებ”, რომ მოხდეს პრემიების ჩარიცხვა.
„ანგარიშები გაიხსნება რუსულ გადახდის სისტემა „მირში“. გაგაუზიის მაცხოვრებლებს შეეძლებათ ტრანსფერების მიღება საზღვარგარეთიდან“, – განაცხადა მან.
თუმცა, გაუგებარია, როგორ მოხერხდება ასეთი ტრანზაქციის განხორციელება მაშინ, როდესაც მოლდოვის ტერიტორიაზე “მირ”-ის სისტემა არ ფუნქციონირებს.
გუცულის განცხადებებს მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა “ტყუილი” უწოდა.