მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia – სა და თურქულ ავიაკომპანია AJET – ზე გასცა. ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტურია და რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებებთან, რათა მდგრადად გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მეტ მგზავრს მოემსახუროს.