“ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის დროს მიღწეული დადებითი შედეგები გიორგი ქაჯაიას დანიშვნის შემდეგაც იქნება მოთხოვნადი” – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხზე საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან არაფორმალური დიალოგის დროს, ბოლო 11 წლის განმავლობაში მიღწეული დადებითი შედეგები ამ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნის შემდეგაც იქნება მოთხოვნადი.

ამის შესახებ TASS-თან საუბარში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და აბაშიძე-კარასინის ფორმატის მონაწილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი შედეგები კვლავაც იქნება მოთხოვნადი. რუსეთი დაინტერესებულია ქართველ კოლეგებთან პრაგმატული დიალოგით და სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით”, – განაცხადა მან.

კარასინმა გაიხსენა, რომ “2012 წელს რუსეთის ხელმძღვანელობამ უყოყმანოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ კურსს, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და შეიქმნა არაფორმალური დიალოგის მექანიზმი ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტის დეპოლიტიზებული განხილვისთვის, აქცენტით – სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ კონტაქტებზე“.

„ეს მე და ზურაბ ირაკლიევიჩ აბაშიძეს დაგვევალა, რომელიც მას შემდეგ, 11 წელზე მეტია, არის საქართველოს პრემიერმინისტრის მუდმივი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. შედგა 26 შეხვედრა, ძირითადად, პირადად, პანდემიის დროს – ვიდეოკონფერენციის გზით, მუდმივი კონტაქტი ნარჩუნდებოდა დისტანციურად“, – აღნიშნა კარასინმა.

მისი აზრით, გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა.

კერძოდ, შეხვედრებზე არაერთხელ დაისვა საკითხები რუსეთ-საქართველოს მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის პირობების გამარტივების შესახებ, ჩატარდა თანმიმდევრული მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობების შესაქმნელად.

„რეჟიმის შესაბამისი შემსუბუქება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. საბოლოოდ, 2023 წლის მაისში, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ამავდროულად, ოთხი წლის განმავლობაში დროებით გაუქმებული პირდაპირი ფრენები – განახლდა“, – გაიხსენა კარასინმა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტები.

„ჩვენ შევქმენით დამატებითი შესაძლებლობები კულტურული გაცვლებისთვის, კონტაქტებისთვის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ახალგაზრდული ორგანიზაციების მეშვეობით. წვლილი შევიტანეთ ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში, ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობის გააქტიურებაში. ხელი შევუწყვეთ ტურიზმის შემდგომ განვითარებას. 2023 წელს საქართველოს 1,4 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწვია“, – განაცხადა კარასინმა.

გარდა ამისა, როგორც კარასინი აცხადებს, აბაშიძესთან დიალოგის ფორმატში მიდიოდა აქტიური მუშაობა “რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის და რუსული პროდუქციის ქართულ ბაზარზე წვდომისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად”.

“12 წლის განმავლობაში რუსეთ – საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გასულ წელს 2,4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩვენმა ქვეყანამ მტკიცედ დაიკავა საქართველოს აგროინდუსტრიული კომპლექსის პროდუქციის უდიდესი ბაზარი, მათ შორის, ექსპორტირებული ღვინის ორი მესამედი“, – განაცხადა მან.

გრიგორი კარასინის თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნებს შორის არსებული ერთადერთი სახმელეთო მარშრუტის – საქართველოს სამხედრო გზის გამტარუნარიანობა, მათ შორის, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მოდერნიზებით.

„საქართველოს მხრიდან მიმდინარეობს გზის სამთო მონაკვეთის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, მათ შორის, “კრესტოვის” უღელტეხილის გვირაბის მშენებლობა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ამინდის პირობების ზემოქმედებას სამგზავრო და სატვირთო მანქანების მოძრაობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების სიხშირე და გეოგრაფია მატულობს – რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში უკვე 60-ზე მეტი რეისი სრულდება და ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის”, – ამბობს რუსი პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები