“მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს” – პარლამენტში შექმნილი თემატური ჯგუფის კვლევა
მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება,- ამის შესახებ მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაშია აღნიშნული.
2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებში წერია, რომ გამოკითხული მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს.
„აზარტულ თამაშებში მოზარდების მონაწილეობის საკითხი შესწავლილ იქნა ა(ა)იპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრისა“ (GRAPC GEORGIA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ 2022 წელს ჩატარებულ კვლევაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აზარტულ თამაშებთან შეხების მქონე მოზარდების შესახებ სტატისტიკური მონაცემები კვლავ საგანგაშოა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და საქართველოს ყველა დიდი მუნიციპალიტეტი მოიცვა. მასში მონაწილეობა მიიღო 14-დან 18 წლამდე ასაკის 1 007-მა მოზარდმა.
კვლევის თანახმად, მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამასთანავე, საყურადღებო და საგანგაშოა ე. წ. ხელზე თამაშის გამოცდილების მქონე მოზარდთა წილის მაჩვენებელი − 22%.
ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, ვინაიდან ე. წ. ხელზე თამაში, განსაკუთრებით − თანხების ამოღება, ხდება „ქუჩის ავტორიტეტების“ მონაწილეობით. აღნიშნული პრობლემა უფრო აქტუალურია რეგიონებში,“ – წერია თემატური მოკვლევის დასკვნაში.