მინდია ქაშიბაძე პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ჭუტა წერეთლის პასუხიგებაში მიცემას მოითხოვს

როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე საადვოკატო ბიუროს – “დიმიტრი გაბუნიასა და პარტნიორების” პარტნიორმა პაატა სალიამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.
“მინდია ქაშიბაძე იყო პირველი ქართული ლეპტოპების მწარმოებელი კომპანია “მაქსტოპის” მფლობელი. 2010 წელს მასზე ზეწოლა გახორციელდა. მინდია ქაშიბაძე ავთო (ჭუტა) წერეთელმა ბრტყელტუჩას გამოყენებით კაბინეტში აწამა. ქაშიბაძე აიძულეს, რომ ბიზნესში საკუთარი წილები დაეთმო. 2010 წელს მინდია ქაშიბაძემ საქართველო დატოვა და ჩეხეთს შეაფარა თავი. სადაც 2 წლის განმავლობაში ის საპყრობილეში იჯდა”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ჩეხეთს ქაშიბაძის ექსტრადაციის მოთხოვნით 5-ჯერ მიმართა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ჩეხეთის სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოში ვერ იქნება უზრუნვეყოფილი ქაშიბაძისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება და ასევე მის სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.
ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ქაშიბაძემ საქმის გამოძიების მოთხოვნით 2012 წლის ნოემბერში პროკურატურას მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყების მიერ დღემდე დაკითხული არავინაა. ადვოკატის თქმით, წერეთლის მიერ წინა ხელისუფლების პერიოდში შეტანილი განცხადების საფუძველზე, პროკურატურა ახლაც აგრძელებს ტრადიციას და ჩეხეთის რესპუბლიკას ქაშიბაძის ექსტრადირებას სთხოვს, თუმცა პრაღის სასამართლომ ქართულ მხარეს კვლავ უარი უთხრა.
“არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ჭუტა წერეთელს კვლავ აქვს პროკურატურაზე გავლენა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ქართული მხარის მიერ ჩეხეთში ქაშიბაძის ექსტრადაციის შესახებ გაგზავნილი მოთხოვნა”, – განაცხადა სალიამ.
ამასთან, პრესკონფერენციაზე “სკაიპის” საშუალებით ჩეხეთიდან მინდია ქაშიბაძე ჩაერთო, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებიც, მისი თქმით, ბიზნესმენმა ავთო (ჭუტა) წერეთელმა განახორციელა. მისი თქმით, ის წინა მთავრობისა და წერეთლის მიერ შეთითხნილი საქმის გამო ემიგრაციაში იმყოფება და 2 წელი ჩეხეთში საპყრობილეში გაატარა.
“როცა მთავრობა შეიცვალა, გამიჩნდა იმედი, რომ სამართლიანობა იზეიმებდა. პროკურატურაში განცხადება შევიტანე. ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას წერილობით მივმართე და მინდა მას მადლობა ვუთხრა, რადგან ბესელიამ ეჭვი გამოთქვა, რომ ჩემს საქმეში ყველაფერი დალაგებული არ არის. ეს ყველაფერი პროკურატურაშიც გაიგზავნა, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. შემდეგ პრესკონფერენცია გავმართეთ და პრემიერ-მინისტრს მივმართეთ, ამის შემდეგ “სკაიპის” მეშვეობით პროკურატურამ გამომკითხა, თუმცა ამის შემდეგ 3 თვეზე მეტია, გასული და ამ საქმეზე ისევ არაფერი ისმის”, – განაცხადა ქაშიბაძემ.
ამასთან, ბიზმესმენი მოითხოვს, “პასუხისგებაში მისცენ კრიმინალური გარჩევებისა და დევნის ავტორები – წერეთელი და მისი ხელშემწყობები”. “სხვა შემთხვევაში ჩვენი მხარე და საზოგადოება მთალიანად დარწმუნდება, რომ ჭუტა წერეთლის კრიმინალურ კავშირებსა და გავლენებს პროკურატურასა და სასამართლოში ცვლილებები არ შეხებია”, – აღნიშნა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები