ლაშა ქავთარაძე: ადგილობრივი ინფლაცია თებერვალშიც განაგრძობს შემცირებას და 3%-ზე დაბლაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის, ლაშა ქავთარაძის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება და განაკვეთის 0,5-დან 1-მდე შემცირება რეალურია.

„თუ გამოჩნდება, რომ ინფლაცია ახლოს დარჩება მიზნობრივ 3%-თან, სებ-ი ისევ განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. ოღონდ ეს შერბილება იქნება ძალიან ფრთხილი, გამომდინარე იქიდან, რომ წლის განმავლობაში განაკვეთი 0,5%-ით შემცირდება, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში 1%-ით“, – ამბობს ქავთარაძე.

ამასთან, Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი თებერვლის ინფლაციას და მიმდინარე ტენდენციასაც განიხილავს.

„წლის დასაწყისიდან გვაქვს ორი თვის მონაცემი. იანვარში ფაქტობრივად ინფლაციის ნულოვანი მაჩვენებელი იყო. თებერვალში ინფლაცია მცირედითაა გაზრდილი, თუმცა მაინც დაბალია და წლიურმა ინფლაციამ 0,3% შეადგინა. მაგრამ ამავდროულად ბევრი მაჩვენებელი, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლების ფასების დონე შემცირებულია. ანუ ადგილობრივი ინფლაცია განაგრძობს შემცირებას თებერვალშიც და 3%-ზე დაბლაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან.
ამასთან, საყურადღებოა, რომ საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ელექტრომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, თებერვალში 2,4% შეადგინა, რაც გაორმაგებულია იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელზეც ღირს დაკვირვება. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ინფლაციის დონე დაბალია, შესაძლოა, სებ-მა განიხილოს მონეტარული პოლიტიკის შემცირება“, – აცხადებს ქავთარაძე.

მისივე თქმით, Galt & Taggart-ის პროგნოზით, საბაზო სცენარით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლომდე 0,5%-ით შემცირდება.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, სებ-მა თებერვალში 9%-მდე შეამცირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები