რა უნდა გავითვალისწინოთ ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების დროს – ნინო ჩხობაძის რეკომენდაციები

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე იმ რეკომენდაციების შესახებ საუბრობს, რომელთა დაცვაც ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების დროსაა მიზანშეწონილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“არსებობს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია: ამ დროს ცდილობენ, რომ მსგავს ადგილებს გაერიდონ, მეორე რეკომენდაცია არის სველი საფენები, რომელიც ზოგჯერ შველის და პირბადეები, რომელიც ამ სიტუაციაში აგრეთვე შველის. პირველ ყოვლისა, რეკომენდაცია რა არის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, პატარებს მტვერი ავარიდოთ, სეირნობა შესაძლებელია ძალიან ადრე, დილით , ან ძალიან გვიან, როცა ასე ვთქვათ, ეს ნაწილაკები უფრო დალექილია. პირდაპირ ვერავინ ვერ იტყვის, ეს ასე გავაკეთოთ, თუ ისე. კიდევ ერთი, თბილისში გამწვანების კოეფიციენტი უფრო მაღალი უნდა იყოს. მცენარეები გვშველის, ამ შემთხვევაში, როგორც ფილტრატები, მუშაობენ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მისივე განმარტებით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM 10, PM 2.5) შემცველობის მატება ადამიანების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

“ეს ბევრ შემთხვევაში ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას იწვევს, ეს განსაკუთრებით, უფრო რთულად ასთმური მოვლენების მატარებლებს გადააქვთ. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია, ერთი, რომ PM არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შედეგად შემოსული, მეორე კი ის, რომ PM შეიძლება, ტრანსპორტიდან დაბინძურების შედეგად გაიზარდოს, ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთს ედება, რაც, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო განცდებს იწვევს, ადამიანებს ზოგადად სუნთქვა ეკვრებათ და ვერ სუნთქავენ ისე, როგორც საჭიროა. თან იმ ფონზე, რომ ქალაქში განიავება არასწორი განაშენიანების შედეგადაა შემცირებული, ეს ყველაფერი იწვევს ამ შედეგებს, რომ ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ცხოვრება უჭირს”- განაცხადა ჩხობაძემ.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, რაც, შესაძლებელია განპირობებული იყოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები