ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან.
მისივე თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვიენ ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს.
„ბავშვები შიმშილით იღუპებიან. საწვავის, საკვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობაა, საავადმყოფოს შენობები განადგურებულია. ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს, საკვებისა და სუფთა წყლის ნაკლებობაა. საკვების ნაკლებობამ 10 ბავშვის სიკვდილი გამოწვია“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
ამასთან, ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში იუწყება, რომ კამალ ადვანის საავადმყოფოში არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად, სულ მცირე, 15 ბავშვი გარდაიცვალა.