საფრანგეთის პარლამენტმა სპეციალურ ერთობლივ სესიაზე აბორტის უფლების კონსტიტუციაში დაფიქსირებას მხარი დაუჭირა.
მედიის ცნობით, საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია.
საფრანგეთის პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 780-მა დეპუტატმა დაუჭირა, 72 კი წინააღმდეგი იყო.
ცვლილება, რომელიც კონსტიტუციის 34-ე მუხლში შევიდა, შემდეგ წინადადებას ითვალისწინებს: „კანონი განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლითაც ხდება ქალებისთვის გარანტირებული ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტის თავისუფლება“.
აღსანიშნავია, რომ ვერსალში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებმაც საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მას „გლოვის დღე“ უწოდეს.
მათ ასევე, მთავრობა ორსული ქალების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დაადანაშაულეს.
თავის მხრივ, პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აღნიშნული ნაბიჯი საფრანგეთის სიამაყედ შეაფასა.