დენის შმიგალი: უკრაინა მზად არის, რუსეთთან პირდაპირი კონტრაქტის გარეშე, რუსული გაზის ტრანზიტი გაახანგრძლივოს

უკრაინა მზად არის, რუსული გაზის ტრანზიტი გაახანგრძლივოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკრაინა პირდაპირ რუსეთთან არ გააფორმებს ხელშეკრულებას თავისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ, თუმცა ის მზადაა, ევროპის ქვეყნების შუამავლობით ასეთი სერვისი უზრუნველყოს.

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ აგრესორ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რომ გავახანგრძლივოთ სატრანზიტო კონტრაქტი და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, ევროკომისიის ბაზაზე. თუ ევროპული ქვეყნები კონსორციუმის პრინციპით იმოქმედებენ, ან თუ რომელიმე ევროპელი პარტნიორი მათი გაზის სატრანზიტო ქვეყანა იქნება, ჩვენ მზად ვართ ამგვარი მომსახურების გასაწევად. აქ ინიციატივა ევროკავშირისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარესაა“, – განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა მზადაა რუსული გაზის ტრანზიტის გარეშე ფუნქციონირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები