Bloomberg: რუსეთი ზელენსკის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას ამზადებს
რუსეთის ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ საინფორმაციო თავდასხმას ამზადებს, რომ ამ გზით მისდამი მოსახლეობის და სამხედროების მხარდაჭერა შეასუსტოს.
ამის შესახებ Bloomberg-ი უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, თავდასხმა შესაძლოა, იმ ფონზე მოხდეს, როდესაც ომის მესამე წელს რუსული ჯარები შეტევას აძლიერებენ, ხოლო დასავლელი პარტნიორების დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ზელენსკის მიმართ კი ნდობა ეცემა.
Bloomberg-ის წყარო ამბობს, რომ მოსკოვი საინფორმაციო კამპანიის მიზნად ისახავს ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის შელახვას, რადგან მისი პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადა იწურება, მაგრამ ის ამბობს, რომ ომის პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
თებერვალში ზელენსკიმ თავის პარტია “ხალხის მსახურთან” შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ მის პოზიციას, არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. ამასთან, მან განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას, რომ რუსები ამ საკითხზე საინფორმაციო კამპანიებს ამზადებენ.
ზელენსკიმ უმაღლეს რადაში პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, „არ დაუშვან ლეგიტიმაციის თემის გავრცელება“.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ, ქვეყნის კანონის მიხედვით, საომარი მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აკრძალულია.