“თებერვლიდან რუსეთმა 15 თვითმფრინავი დაკარგა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებს ბოლო ერთ თვეში საჰაერო სივრცეში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ.
მისი თქმით, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში 7 რუსული თვითმფრინავია ჩამოგდებული, თებერვლის დასაწყისიდან კი – 15.
„მხოლოდ ამ კვირაში მოვახერხეთ შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება. სწორედ იმ თვითმფრინავების, რომლებიც ბომბებს ისვრიან და კლავენ. თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ეს არის მათი დანაკარგების სწორი დინამიკა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
რუსული მხარე ამ ციფრებს არ ადასტურებს.