არჩილ თალაკვაძე: ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენ წარმოგვიდგენია საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით, მშვიდობიანი გზით

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში ახლა გაკეთებული ჩანაწერი და ის სასამართლო საქმეები, რომელიც ჩვენ მოვიგეთ საქართველოს სახელით, სადაც საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად ითქვა, რომ ადგილი ჰქონდა ოკუპაციას, ადამიანების დევნას, იყო ადამიანის უფლებების დარღვევები, საუბარი იყო არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენებაზე და სხვა დანაშაულებზე – ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენ წარმოგვიდგენია საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მხარდაჭერით და, რაც მთავარია, საქართველოს განვითარებით. დღეს აფხაზეთში თუ ბევრად მეტ ადამიანს უნდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და თავადაც ისარგებლოს იმ ყველაფრით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკა გვქონდა და ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ვაჩვენებდით, რომ რუსეთი იარაღის ჟღარუნის გარდა მათ უკვე ათწლეულებია, არაფერს სთავაზობს და იქ დღეს უფრო მეტი ადამიანი კრიტიკულად უყურებს რუსეთთან თანაცხოვრებას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის გზითა და საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით და ეს პროცესი არის ამის ნაწილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები