ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალურ ბანკთან ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გამართა
საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, პირველად წარადგინა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) ფარგლებში მომზადებული ინფორმაცია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროგრამასთან დაკავშირებით ევროპის ცენტრალური ბანკის მისიამ ვირტუალური შეხვედრა გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და სებ-ის სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელებთან.
ევროპის ცენტრალური ბანკის მისიის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ზოგადი მაკროეკონომიკური გარემო, სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ისაუბრეს ფინანსურ სტაბილურობასა და საბანკო ზედამხედველობის კუთხით გატარებულ რეფორმებზე ევროკავშირის პრაქტიკებთან დაახლოების მიმართულებით.
მონეტარული პოლიტიკის კუთხით ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის ჩარჩოზე, რომელიც ფოკუსირებულია ინფლაციის თარგეთირებაზე მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში.
ნათია თურნავას განცხადებით, ECB-ის მისიასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მდგრად მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.
“მოხარულები ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროპის კანდიდატი ქვეყანა, წელს პირველად მოხვდება ECB-ის შეფასებაში. ECB-ის მისიასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მდგრად მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე მისიის წევრებს გავაცანით მონეტარული პოლიტიკის არსებული ჩარჩო და მიმდინარე ამოცანები, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, გამოწვევები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და მოუთმენლად ველით მსგავსი ტიპის ორმხრივი დისკუსიების გაგრძელებას მომავალშიც”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.