თანდილაშვილი – შოვის ტრაგედიაზე: დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას
ექსპერტების დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვის მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მოვისმინეთ არაერთი არასწორი და მცდარი ინფორმაცია, რომელიც სტიქიის პირველივე დღიდან მიეწოდებოდა საზოგადოებას. ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში წარმოვადგინეთ პირველადი დასკვნა – გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა იმუშავეს და პირველადი შეფასება ასევე იყო საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი. თუმცა, იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გასცემოდა ამომწურავი პასუხი და პროცეი ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაღალი სანდოობის, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ამ პროცესში ასევე ჩაგვერთო ძალიან მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტები. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.