შალვა პაპუაშვილი: გამოვიყენებ შესაძლებლობას და, 2023 წლის ანგარიშთან ერთად,შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი მიმართვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო საანგარიშო გამოსვლაა. ამიტომ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და 2023 წლის ანგარიშთან ერთად,შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს და მის ხელისუფლებას მოუხდა რამდენიმე ეპოქალური გამოწვევისთვის თავის გართმევა.

“მართლაც, საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწია საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი მსოფლიო პანდემიის მართვა, ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული. პანდემია დასრულებული არ იყო, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე – ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც არანაკლებ ნგრევასა და ადამიანურ ტრაგედიას მოიტანდა, ვიდრე 1990-იანი წლების ქაოსმა გამოიწვია. ამ ორი უდიდესი საფრთხის მოსაგერიებლად ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას პასუხისმგებლობიანი და პატრიოტი პოლიტიკური ოპოზიცია მხარში დაუდგებოდა და ქვეყნის გაერთიანებაში დაეხმარებოდა. საქართველოში კი პირიქით მოხდა. რეალურად, ოპოზიციის რადიკალიზაცია ჩვენი ქვეყნისათვის მესამე დიდ საფრთხედ იქცა. ყველას გახსოვთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალიზაციის მასშტაბი, როდესაც არჩევნების ე.წ. „გაყალბების“ პროპაგანდით რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდების მცდელობასაც კი არ მოერიდნენ. მსგავსი რამ განმეორდა 2022 წელს, როდესაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პარალელურად, ოპოზიცია საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა და ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლების გაგზავნისა და რუსეთთან სანქციების ომში ჩაბმისკენ ღიად მოუწოდებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები