“ეს კანონი არა მხოლოდ პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების რეგულაციისთვისაა, არამედ იმისთვისაც იქმნება, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მოგვარდეს” – Animal Project-ის თანადამფუძნებელი, ნათია ჩიქოვანი

“ეს კანონი არა მხოლოდ პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების რეგულაციისთვისაა, არამედ იმისთვისაც იქმნება, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მოგვარდეს” – ამის შესახებ  არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Project-ის თანადამფუძნებელმა, ნათია ჩიქოვანმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად გვაქვს შანსი, რომ ეს სფერო დავარეგულიროთ.

“მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა 2022 წლიდან დაიწყო. გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა შენიშვნების მიცემის ვადა პირველ ჯერზე საჯაროდ გამოაცხადა. ბევრმა ორგანიზაციამ, მათ შორის  ჩვენმა ორგანიზაციამ, ვეტერინარულმა კლინიკამ, თუ სხვა დაინტერესებულმა მხარემ პირველ “დრაფტთან” დაკავშირებით შენიშვნები გაგზავნა. შემდეგ სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ამ 2 წლის განმავლობაში, ჯამურად, 5 სამუშაო შეხვედრას დავესწარი. ამის შემდეგ კომიტეტმა კანონპროექტის განახლებული ვერსია გაასაჯაროვა. განახლებული ვერსიაც ბევრჯერ შეიცვალა, თუნდაც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, რაღაცები კიდევ დაკორექტირდა, კორექტირება კიდევ მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, კანონი იდეალური არ არის. არის რიგი საკითხები, რომელიც დასამატებელი, ჩასასწორებელია. თუმცა, საქართველოს ისტორიაში პირველად გვაქვს შანსი, რომ ეს სფერო დავარეგულიროთ. პირველ ყოვლისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამრავლების საკითხი დავარეგულიროთ. ამ კანონპროექტში გამრავლებასთან დაკავშირებით საკმაოდ ნორმალური ჩანაწერებია. აღსრულება სხვა საკითხია. სხვა საკითხია, ფურცელზე რა ეწერება. წინასწარ ვერავის ვეტყვი, ამის აღსრულება რამდენად ეფექტიანად მოხდება. თუმცა, ერთია, გქონდეს აღსრულების პრობლემა ქვეყანაში და იბრძოდე იმისთვის, რომ შესაბამის უწყებებს თავის საქმე გააკეთებინო და მეორეა, საერთოდ არ გქონდეს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ რაღაც საკითხებზე იბრძოლო და სახელმწიფოს რეაგირება მოსთხოვო. დღეს რომ მსურდეს, სახლის პირობებში უკონტროლო გამრავლება გავაკონტროლო, ვერ შევძლებ, რადგან კანონში ასეთი ჩანაწერი არ მაქვს. თუ ამ კანონს მივიღებთ, ასეთი ჩანაწერი გაჩნდება და შემდეგ შეგვიძლია, სხვანაირად ვიმუშაოთ, სახელმწიფოს აღსრულება აქტიურად და ეფექტიანად მოვთხოვოთ.

გამრავლება ძალიან მკაცრად იქნება გაკონტროლებული. ფურცელზე ასე წერია და ეს ძალიან კარგია. სახლის პირობებში თავის ცხოველს ვერავინ გაამრავლებს. ცხოველი რომ გამრავლდეს, ამაზე პასუხისმგებლობა შესაბამისმა საშენმა უნდა აიღოს. თუ ინდივიდუალურ პირს სურს, თავის ცხოველი გაამრავლოს, ჯერ ვეტერინარული კლინიკიდან ჯანმრთელობის ცნობა უნდა აიღოს, შემდეგ კი ჯიშიანობის და გამრავლებისთვის ვარგისიანობის შესახებ ცნობა, შემდეგ საშენში მივიდეს და ცხოველი მათი კონტროლით გაამრავლოს. ეს კარგი პროტოკოლია. რას ნიშნავს გამრავლების ვარგისიანობა: არსებობს კონკრეტული შეზღუდვები, რომლის დროსაც ცხოველს ვერ გაამრავლებთ, მაგალითად, როცა ცხოველს გენეტიკური დაავადებები აქვს, თუ ე.წ. ნულოვანი საბუთი აქვს, ანუ მშობლების შესახებ არ ვიცით, არ შეიძლება 18 თვემდე და 8 წლის შემდეგ გამრავლება, ასევე წელიწადში ერთ ჯერზე მეტად გამრავლება არ შეიძლება, გარეულ ცხოველთან შეჯვარება არ შეიძლება. ჩვენ გვინდა, 2 ჩანაწერი დაემატოს, ერთია ინცესტური გზით გამრავლების შეზღუდვა, მეორე კი უსაფუძვლო აგრესიის გამომვლენი ცხოველის გამრავლების შეზღუდვა. დიდი ვარაუდია, რომ ასეთი ცხოველი თავის ნაშიერებს გენეტიკურად აგრესიას გადასცემს. ხშირად ასეთები პიტბულები არიან ,რადგან საქართველოში ხშირად ორთაბრძოლებისთვის იყენებენ, ძალით ააგრესიულებენ, შემდეგ ამრავლებენ. ამ გაუბედურებული ჯიშის ცხოველებს გენეტიკურად აგრესია მართლა მოჰყვებათ.

ამ მუხლის ქვეშ არის ჩანაწერი, რომ გარემოს დაცვის კომიტეტი შესაძლებლობას იტოვებს, სხვადასხვა ჯიშის ცხოველის მიმართ გამრავლების სრულად შეზღუდვაზე დროებითი დადგენილებით დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს. დიდი ალბათობით, აქ სწორედ პიტბულები იგულისხმება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება მეპატრონე ფიზიკური პირის 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს კანონი არა მხოლოდ პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების რეგულაციისთვისაა, არამედ იქმნება იმისთვისაც, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მოგვარდეს. განვითარებულ ქვეყნებში ქუჩებში ძაღლები და კატები არ არიან. ჰიპერპოპულაცია როგორ ჩნდება ქვეყანაში – იმაზე მეტი ცხოველი მრავლდება, ვიდრე მისი აყვანის მსურველია. მათი გამოდგება, უკონტროლოდ გამრავლება ხდება. თუ მიუსაფარი ცხოველების საერთო რაოდენობის 70 %-ს გავასტერილებთ, (სტერილიზაცია/ კასტრაციაზე აქტიური ჩანაწერებია) თუ ხელოვნურად არხებს დავკეტავთ, საიდანაც შესაძლოა, ქუჩას ცხოველები დაემატოს, ანუ გაგდებას დავარეგულირებთ, გამრავლებას გავაკონტროლებთ, 5-10 წელში ქუჩებში ცხოველების რაოდენობა გაგვინულდება. ეს ძალიან კარგი იქნება. ცხოველის გამოგდებას 2 რამ გააკონტროლებს. პირველი: ყველასთვის, ვისაც ცხოველი ჰყავს, მიკროჩიპირება და ერთიან ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება, რაც მიკვლევადობას გააადვილებს. ცხოველის მიტოვებისთვის ჯარიმა 3 000 ლარია იქნება. მხოლოდ ჯარიმებზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ თუ ცხოველის ყოლა არ უნდათ, არ აიყვანონ, თუ არასასურველი კნუტები და ლეკვები არ უნდათ, ცხოველი გაასტერილონ”, – განაცხადა ნათია ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, პირველად სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც ქუჩიდან და თავშესაფრიდან ცხოველების აყვანის წახალისებას ეხება.

“რაც შეეხება იმ ჩანაწერებს, რომლის შესახებაც საზოგადოებას განსაკუთრებულად მძაფრი რეაქციები ჰქონდა. პირველი იყო რეგულაცია 3-ზე მეტი ცხოველის კორპუსში ყოლაზე შეზღუდვასთან დაკავშირებით. 2025 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ თუ ადამიანი მოისურვებს , ბინაში მეოთხე ცხოველი დაიმატოს, მან მეზობლების უმრავლესობის თანხმობა უნდა მიიღოს- ასეთი ჩანაწერია. მინდა, დავამატო, რომ ეს ჩანაწერი არ ქუჩიდან, ან თავშესაფრიდან აყვანილ ცხოველებზე არ ვრცელდება. ეს საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, პირველად სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ქუჩიდან და თავშესაფრიდან ცხოველების აყვანის წახალისებას ეხება. ცნობიერების ასამაღლებელ მსგავს ფორმებს სხვა განვითარებული ქვეყნებიც ხშირად მიმართავდნენ და ასეთ წახალისებას დადებითი შედეგი ჰქონდა ხოლმე. ამ ჩანაწერს მივესალმებით, თუმცა, ჩვენი აზრით, აქ უნდა განისაზღვროს ჯიშიანი ცხოველების არა უბრალოდ ციფრი, არამედ კვადრატულობის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რამდენი ცხოველის აყვანის შესაძლებლობა აქვს ადამიანს, მიუხედავად მეზობლების თანხმობისა, ან უარისა. კვადრატულობის გათვალისწინებით კანონპროექტში მსგავსი ჩანაწერია არ არის, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ გარემოს დაცვის კომიტეტს ამ საკითხს მაქსიმალურად დეტალურად კიდევ ერთხელ ავუხსნით და შესაძლებელია, ეს გაითვალისწინონ.

ასევე, პრობლემური იყო ტრანსპორტირების წესი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცხოველების აყვანის რეგულაცია. პირველ რიგში, ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ ეს კანონი ახლაც მოქმედია, 103-ე მუხლში ახლაცაა ჩანაწერი. მიუსაფრებს ეს არც დღეს ეხება და არც მომავალში შეეხებათ. ეს ნაწილი მნიშვნელოვანია, რომ ხაზგასმული იყოს. ახლა, ზამთარში თუ მიუსაფრები ავტობუსით მგზავრობენ და თბებიან, ამ კანონის მიღების შემდეგაც ასე შეუძლიათ, გააგრძელონ. კანონი ცალსახად იმას უსვამს ხაზს, რომ დარღვევის შემთხვევაში მფლობელი ჯარიმდება. მიუსაფარ ცხოველებს კი ვერ დავაჯარიმებთ, რადგან მფლობელი არ ჰყავთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსმა ჩანაწერებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენლისგან ზეპირსიტყვიერად პირობა და შეთანხმება მაქვს, რომ ამ განმარტებას უფრო ნათლად ჩაწერენ, რომ მიუსაფრებს ეს შეზღუდვა არ ეხებათ. რაც შეეხება პატრონიან ცხოველებს, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველას შეუძლია, თავის ცხოველთან ერთად იმგზავროს, ძაღლს ან საბელი უნდა ეკეთოს, ან გადამყვანით უნდა გადადიოდეს. ალიკაპზე მოთხოვნა იყო და ესეც მოხსნეს. ამაზე ლმობიერი ჩანაწერი, მართლა არ ვიცი, რა შეიძლება, გაკეთდეს”, – განაცხადა ნათია ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ცხოველისთვის ყურების და კუდის მოჭრა აკრძალული იქნება.

“ეს ძალიან კარგი, საერთაშორისო პრაქტიკის გამათვალისწინებელი ჩანაწერია. რატომღაც ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, ისე აკრიტიკებენ ამ კანონს, საერთოდ ერთი დადებით კომპონენტი არავის უხსენებია. იმათ ვგულისხმობ, ვინც ამ კანონს ებრძვის. კუდის და ყურების კუპირება საქართველოსა და განვითარებულ ქვეყნებში, ძირითადად, ესთეტიკური მიზნებით ხდებოდა. ანუ , რიგ ადამიანებს მაგალითად, პიტბულის ჯიშზე ყურები უბრალოდ არ მოსწონთ, აჭრიან. იგივე ხდება დობერმანების შემთხვევაში. ასეთი ქცევა აკრძალული იქნება. დღესაც ვეტერინარების ნაწილი ამაზე უარს ამბობს. სამწუხაროდ, რიგი კლინიკები არსებობენ, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს ცხოველზე ძალიან ცუდად მოქმედებს, იტანჯება, არასაჭირო ოპერაციულ ჩარევას, ტკივილს განიცდის. თუ ყურების და კუდის კუპირება არასამედიცინო, ან არაფუნქციური მიზნით ხდება, ეს დასჯადი იქნება.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს რომ შევეხოთ, რაზეც საზოგადოება გაღიზიანებული იყო – ეს არის კონკრეტულ სივრცეებში ცხოველების შეყვანის შეზღუდვა. ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებები , სკოლა უნივერსიტეტი, ბაღი, კლინიკები, სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. კანონმდებლობაში დღესაცაა ეს ჩანაწერი. მიუსაფრებზე ეს შეზღუდვა აქაც არ ვრცელდება. რაც შეეხება პატრონიან ცხოველებს- ამ წუთას ასეთი ჩანაწერია, რომ ასეთ დაწესებულებებში ცხოველის შეყვანა გადამყვანით შესაძლებელია, საუბარია პატარა ჯიშის ცხოველებზე, კატებზე. თეორიულად დიდი გადამყვანით დიდი ძაღლიც შეგიძლიათ, შეიყვანოთ. ამ შეზღუდვას არ ვეთანხმებით. კერძო სექტორის უფლებამოსილებაში ზედმეტი ჩარევაა. კერძო სექტორმა თავად გადაწყვიტოს, თავის სივრცეში ვის შეუშვებს და ვის არა. ამ საკითხმა მართლა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჯერჯერობით, ზეპირსიტყვიერი საუბარია იმაზე, რომ ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო შემცირდეს და შესაძლებელია, ეს სივრცეები მხოლოდ კლინიკებამდე დავიდეს. ასე რომ წინასწარ ნუ ვინერვიულებთ, შესაძლებელია, ესეც დავაკორექტიროთ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ევთანაზია უფრო მეტ კონტროლს დაექვემდებარება, ვიდრე ახლაა.

“პირველ ყოვლისა, კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია ასეთი რამ, რომ ევთანაზიის საკითხებმა ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მხოლოდ მიმოხილვისთვის და ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტის გაცნობისთვის კომიტეტმა ევთანაზიასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და კანონმდებლობა შეისწავლა. ახსნილია, ევროკავშირის ქვეყნებში რა წესი და კანონი მოქმედებს. არც განმარტებით ბარათში, არც კანონპროექტში არსადაა ჩანაწერი, რომ ევროკავშირის გამოცდილება საქართველოშიც გამოიყენება. ეს ვერ იმოქმედებს ჩვენთან, არც აპირებენ რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყოს. ამიტომ, ამაზე არ ინერვიულოთ. არავინ არავის მოტყუებას არ ცდილობს. არავინ აპირებს, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოში განახორციელოს და უპატრონო ცხოველები ევთანაზიას დაუქვემდებაროს. ეს არ მოხდება.

ევთანაზიის ნაწილში არის ასეთი ჩანაწერი – ცოფის ეჭვის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს უფლება ენიჭება, ევთანაზია გამოიყენოს. ცოფის ეჭვი რას ნიშნავს: 100 %-ით ცოფს ვერ ვადასტურებთ, როცა ვფიქრობთ, რომ ცხოველი ცოფის ვირუსითაა დაინფიცირებული. შესაბამისი ტესტები არ არსებობს, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით. ვეტერინარები და კომპეტენტური ადამიანები სიმპტომებს უყურებენ და ამის მიხედვით ვარაუდობენ, არის, თუ არა ცოფი, ცოფზე ეჭვი. თუ სიმპტომების მიხედვით ეჭვი ცოფზეა, ევთანაზია ჰუმანური გამოსავალია. სხვა შემთხვევაში ცხოველი უნდა ვაწვალოთ, სანამ მტანჯველი სიკვდილით იზოლირებულ კარანტინში არ მოკვდება.

ევთანაზია უფრო მეტ კონტროლს დაექვემდებარება, ვიდრე ახლაა. იმისთვის, რომ ევთანაზია გამოვიყენოთ, ცნობა იქნება საჭირო. ვთქვათ, პატრონიან ცხოველს მძიმე შეუქცევადი დაავადება აქვს და ვეტერინარულ კლინიკაში დასაძინებლად მიჰყავს, ასეთი ევთანაზიის შემთხვევაში წინასწარ უნდა გაიცეს ცნობა, რომ ევთანაზია განხორციელდეს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები