რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ალექსეი ნავალნის მკვლელობაში დასავლეთი დაადანაშაულა.
„ყველა მათგანი, მათი სახელები კარგად არის ცნობილი: ნავალნის სიკვდილში დამნაშავეები არიან ნატოს გენერალური მდივანი და აშშ-ს ხელმძღვანელობა, შოლცი, სუნაკი და ზელენსკი. სწორედ ისინი, ვინც მიიღეს უამრავი წარუმატებელი გადაწყვეტილება და მიჯაჭვულნი არიან თავიანთ პოზიციებზე, სარგებლობენ მისი სიკვდილით“, – აღნიშნა ვოლოდინმა „ტელეგრამზე“.
მანამდე ნავალნის გარდაცვალებაზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.
„ნატოს ქვეყნების ლიდერების მყისიერი რეაქცია ნავალნის გარდაცვალებაზე მათსავე ინტერესებს ამხელს. სასამართლო ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ დასავლეთის დასკვნები უკვე მზადაა“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.