“ნავალნისთვის “თრომბოემბოლიის” დიაგნოზის დასმა შეუსაბამოა, ამის დადგენა მხოლოდ გაკვეთის შედეგად არის შესაძლებელი” – რუსი რეანიმატოლოგი
რუსი ექიმი- რეანიმატოლოგი, ალექსანდრე პოლუპანოვი ამბობს, რომ „თრომბოემბოლიის” დიაგნოზი, რომელიც ალექსეი ნავალნის, როგორც გარდაცვალების მიზეზი, დაუსვეს – შეუსაბამოა. ამის დადგენა მხოლოდ გაკვეთის შედეგების საფუძველზეა შესაძლებელი. ნავალნის არ ჰქონდა სისხლის შედედების რისკი.
ამის შესახებ მან “ნოვაია გაზეტა”-სთან საუბარში თქვა.
“რასაც მედიაში წერენ და სასჯელაღსრულების სამსახურში აცხადებენ, რომ ნავალნის თრომბი განუვითარდა და ეს იყო თრომბოემბოლია – რთული დასადასტურებელია, რადგან ამ დაავადების დასადგენად ინტრავიტალური მანიპულაციები არ ჩატარებულა და არც გაკვეთა ყოფილა”, – თქვა მან.
ექიმის თქმით, “და როგორც ისინი აღწერენ, რომ თავს ცუდად გრძნობდა, სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა და დაასკვნეს, რომ თრომბი იყო – ასეთი დასკვნის გაკეთება მხოლოდ გაკვეთის შედეგებიდან შეიძლება”.
მისივე თქმით, “თრომბი შეიძლება, ნებისმიერ ადამიანში გაწყდეს და თრომბოემბოლია შეიძლება, ნებისმიერში მოხდეს. მაგრამ ნავალნის თრომბოემბოლიის რისკი არ ჰქონდა, 2020 წელს ის მე გამოვიკვლიე”.