გალში სასტიკად ნაცემი და გარდაცვლილი თემურ კირბაიას საქმეზე 2 მილიციელი დააკავეს, 1 მიმალვაშია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშრომლების – “კაპიტან ალბერტ ზარაქუას, ლეიტენანტ ვიანორ აბშილავას და უმცროს ლეიტენანტ დავით კვეკვესკირის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სამივე პირი ეჭვმიტანილია “სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში, ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია”.

საქმე ეხება 2023 წლის 6 დეკემბრის მოვლენებს, როდესაც ოკუპირებულ გალში სამივე ეჭვმიტანილმა 1979 წლის 30 აგვისტოს დაბადებული 43 წლის ვიტალი (თემურ) კირბაია სასტიკად სცემა, მოგვიანებით კი ის გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ.უწყებაში თავის დროზე ამტკიცებდნენ, რომ კირბაიამ “იზოლატორში თვითდაზიანებების მიყენებას ცდილობდა, რის გამოც ის მედიკამენტოზური ჩარევისთვის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

ახლა კი, ე.წ. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ “2023 წლის 6 დეკემბერს კვეკვესკირმა გალის ბაზარში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი დააკავა და მილიციის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანა. მილიციელმა დაკავებულის პირადი ჩხრეკა უკანონოდ ჩაატარა და აღნიშნულის დოკუმენტირება არ განახორციელა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, კირბაიამ უცენზურო სიტყვების გამოყენება დაიწყო და კვეკვესკირმა მას დაარტყა. პარალელურად, მილიციის სამმართველოში ზარაქუა და აბშილავა შევიდნენ. მათ კვეკვესკირთან ერთად კირბაიას სასტიკი ცემა დაუწყეს. მას სხეულის სხვადასხვა ადგილში ხელებით და ფეხებით ურტყამდნენ.

შედეგად, კირბაიმ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო: გულმკერდის ბლაგვი ტრავმა მარცხენა მხარეს ოთხი ნეკნის მოტეხილობით, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე. ამის შემდეგ ის კანონიერი საფუძვლების გარეშე იზოლატორში მოათავსეს, სადაც მამაკაცი 2023 წლის 7 დეკემბერს გათავისუფლებამდე იმყოფებოდა. ⠀

ვიტალი კირბაია სოხუმის საავადმყოფოში 2023 წლის 09 დეკემბერს გარდაიცვალა. ის დედაქალაქში 8 დეკემბერს გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან გადაიყვანეს

2024 წლის 10 თებერვალს ზარაქუა და აბშილავი დააკავეს. ეჭვმიტანილი კვეკვესკირი გალის რაიონულ პროკურატურაში არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები