კულტურის მინისტრმა უფლისციხეში სამუზეუმო სერვისების განვითარების საკითხი განიხილა

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრა და ბოლო პერიოდში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომდევნო ეტაპის განხორციელებაზე მუზეუმისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, მუზეუმის დირექტორი ბადრი გასპაროვი, მუზეუმ-ნაკრძალისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებში კულტურისა და სპორტის სამინისტრო უახლოეს მომავალში არსებული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას გეგმავს. ამისათვის, საპილოტედ შეირჩა უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც კერძო სექტორთან თანამშრომლობითა და სამინისტროს მონაწილეობით სხვადასხვა ტიპის განახლებული სერვისები დაინერგება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოწყობისთვის 126 697 ლარი გამოიყო. სრულად შეკეთდა და განახლდა მუზეუმის შიდა სივრცე, ვიზიტორთა ცენტრი და მისი ფასადი. ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე ტიპის შეხვედრების ოთახი, შეიცვალა ხის ფასადი და გადახურვა, შეიღება ძეგლის ლითონის მოაჯირები და კიბეები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები