მამა შალვა კეკელიამ კლუბ „ბასიანთან“ პარაკლისი გადაიხადა
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია მრევლთან ერთად კლუბ „ბასიანთან“ მივიდა და პარაკლისი გადაიხადა.
ამ ფორმით ის 27 იანვარს, 19 წლის გოგოს გარდაცვალების ამბავს ეხმაურება, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკი გახდა.
დეკანოზმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე აუცილებელია დისკუსია.
„ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოსთან, ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ მოგვიტანია დღემდე, ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს. დღევანდელი დღისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქართველები ვმდგარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა. უამრავი ადამიანი შეეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. უამრავმა ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ ღირსება, პატივი, ეროვნულობა ტრადიციები გვქონოდა. დასაცინად არ ღირს ის, რომ თურმე ასეთი საუბარი არ შეიძლება, თურმე არ შეიძლება ვისაუბროთ პატრიოტიზმზე, ქვეყანაზე, ეროვნულობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის ახალგაზრდები ჩვენი შვილები არიან. ყველანი ღმერთის შვილები ვართ, ეს უნდა გაიაზროს მთავრობამ, ოპოზიციამ. თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. ჩვენ დასაღუპი შვილები არ გვყავს. რატომ გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის ძალიან გამარტივებული. ამ ნარკოპოლიტიკას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა“, – აღნიშნა დეკანოზმა.
კლუბ „ბასიანთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.