“გაცვდა, ყავლი გაუვიდა, აღარ მუშაობს ასეთი მოწოდებები, რომ გადით ქუჩაში” – მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე
„გაცვდა, ყავლი გაუვიდა, აღარ მუშაობს ასეთი მოწოდებები, რომ გადით ქუჩაში. არ შეიძლება ხალხს ასე ელაპარაკო და არ გაინტერესებდეს მისი განწყობა და დამოკიდებულება“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ვინმე კითხულობს, არის თუ არა საზოგადოებაში იმის განცდა, რომ ქუჩის პროტესტები რჩება ერთადერთ გზად რაღაც პრობლემის გადასაჭრელად? მთელი ოპოზიციის პრობლემა არის ეს მთავარი რამ – ისინი ვერ მიხვდნენ, რომ მათი კრიტიკულ წინააღმდეგობას ის არ განაპირობებს, რომ საზოგადოების გამოძახილია ეს ყველაფერი. მათ აქვთ უბრალოდ დაუოკებელი წყურვილი, საკუთარ თავს უწოდეს პროფესიონალი პოლიტიკოსები, ამიტომ მათი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა. ისინი ვერაფერს ეუბნებიან საზოგადოებას, რატომ არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე უკეთესი.
რამდენიც უნდა მოუფიქრონ საკუთარ თავს ახალი პარტიული სახელწოდებები, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პიროვნებები ხდებიან ახალი პოლიტიკური მოღვაწეები სუფთა ფურცლიდან. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ რამდენიც უნდა ირეცხოს საკუთარი თავი „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელმა ამ დიდი პასუხისმგებლობისა და ტალახისგან, რასაც ჰქვია „ნაციონალობა“, ეს უსარგებლოა. საზოგადოებას ასეთი რამ ასე იოლად არ ავიწყდება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ იყოს, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გაიტანდა.