გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„პატივცემულო პრემიერმინისტრო, მსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენ დანიშვნასთან დაკავშირებით. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.
იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.
ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.