“საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა დღემდე გრძელდება”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე უკანასკნელი მოვლენები მეტყველებს, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომელიც სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღებას ეხება.
“ვხედავთ, ჩვენი ქვეყანა რა მიმართულებით ვითარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ, ჩემი აზრით, საუკუნეების მანძილზე პირველად არის ვითარება, როცა ამ ქვეყანას, გარდა იმისა, რომ იურიდიულად დამოუკიდებელი ქვეყანაა, სუვერენიტეტი აქვს. ანუ, ეს ქვეყანა ცხოვრობს თავის პრობლემებით, ამოცანებით. ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მერე, პირველად უკანასკნელი წლების მანძილზე, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენა განახორციელა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ იმ გეგმებით და ამოცანებით ვმოქმედებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია და არა ის, რას კარნახობენ ჰეგემონები, სტრატეგიული პატრონები თუ სხვა ტიპის ურთიერთობები, რომლებიც გვქონდა. სამწუხაროდ, წლების მანძილზე საკითხები, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში დღის წესრიგში დგებოდა, როგორ წესი, გვარდებოდა არა საქართველოს ხელისუფლებასთან, არამედ, მაგალითად, აშშ-ის საელჩოსთან ან რომელიმე სხვა გაერთიანების წარმომადგენლობაში. საქართველოს მთავრობა მხოლოდ სხვა ქვეყნების ნების აღმსრულებელი იყო. დღეს ასე არ არის. ქართულ საზოგადოებას აღმოაჩნდა იმის უნარი , გამოცდილება და მოთხოვნილება, რომ, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის, ხალხის ინტერესები იყოს გათვალისწინებული და მერე ყველაფერი დანარჩენი. ეს არ არის მარტივი, ხედავთ, ჩვენი ქვეყანა და პირველ რიგში, ხელისუფლება ამის გამო რა წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც პირდაპირ ღიად სიცრუით, ცილისწამებით მიდიოდა ბრძოლა იმ ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნდა. პირველ ყოვლისა, ეს არის საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს ყველასთვის ნათელია. თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს, რომლებიც უკრაინიდან ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ხელისუფლებისგან გვესმის, რომელსაც სათავეში ზელენსკი უდგას, ადვილია გამოცნობა იმ იმედებისა, რომლებიც მათ საქართველოს ამ კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით ჰქონდათ. უკანასკნელი მოვლენები ზუსტად ამაზე მეტყველებს, ვგულისხმობ ტერორისტული საქმიანობის ქსელს, რომელმაც საქართველოზე გაიარა, მცდელობას, რომელიც სუს-ის მიერ აღკვეთილია. ვნახეთ, 14 კილო ასაფეთქებელი ნივთიერება და მოწყობილობები იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში ჩართვის მცდელობა გრძელდება და კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა ხაინდრავამ.