კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, მმართველ გუნდში ტაქტიკური ცვლილებები განხორციელდა. როგორც ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო წელს გადაადგილება პოლიტიკური ჯგუფის შიდა ამოცანამ განაპირობა.
“ეს (მინისტრთა კაბინეტის, ფაქტობრივად, უცვლელობა) ზუსტად ტაქტიკაზე მიუთითებს, არა იმაზე, რომ გუნდში რაიმე სტრატეგიული ცვლილებები იქნება, არამედ ტაქტიკური ცვლილებებია. ვიმეორებ, საარჩევნო წელია და, ამიტომ, ეს გადაადგილება, ჩემი აზრით, შიდა ამოცანამ, რომელიც ამ პოლიტიკურ ჯგუფს გააჩნია, განაპირობა. ისიც, რომ არცერთი მინისტრი არ შეცვლილა, პრაქტიკულად, ერთის გარდა, ზუსტად ამაზე მეტყველებს. არც იყო ამის საჭიროება. ყველაზე მძიმე 2 წელიწადი იყო, ალბათ, რომელიც ომის მერე (2008 წლის ომს ვგულისხმობ) საქართველოს ჰქონია, 2022 -დან დაწყებული, მანამდეც პანდემია იყო, ქვეყანა, ხელისუფლება საკმაოდ მძიმე გამოცდის წინაშე იდგა. სამთავრობო გუნდმა საქმიანობას თავი კარგად გაართვა, მისი შეცვლის აუცილებლობა არ იყო. ეს სუფთა ტაქტიკური ცვლილებაა. ერთი ირაკლი მეორის ადგილას გადმოვიდა. ეს შიდა პოლიტიკის საკითხია. ირაკლი გონიერი კაცია. ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული იურისტია. კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა წარმატებული იქნება, ისევე – როგორც აქამდე იყო. ამაზე მეტყველებს ის მიღწევები, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში ვნახეთ და ასევე პარტიული შედეგებიც. ვფიქრობ, “ქართული ოცნება” როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია როგორც არასდროს ძლიერია და ყველა ის წინააღმდეგობა, რომელიც მის გარშემო იყო, დაძლეულია, შიდა წინააღმდეგობებს ვგულისხმობ. პოლიტიკურ ასპარეზზე მოწინააღმდეგე, პრაქტიკულად, დღეს არ ჰყავს. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. პოლიტიკაში ოპონირება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია.
დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნები ზუსტად ის მიჯნა იქნება, რომლის მერეც მთელი ეს ბნელი წარსული, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზეა შემორჩენილი, მთლიანად გაიწმინდება და ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალები მოვლენ”, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, მთავარია სტრატეგია, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდს გააჩნია.
“ყველა გუნდს, არამხოლოდ პოლიტიკაში, სპორტშიც, თავის მოქმედების ტაქტიკა აქვს. ეს არჩევნების წელიწადია. ამიტომ, ბუნებრივია, მოთამაშეების და, მით უმეტეს, წამყვანი მოთამაშეების გადაადგილება იმის მიხედვით ხდება, როგორც ამა თუ იმ ვითარებაშია საჭირო. ამაში გასაკვირი არაფერია. მთავარია სტრატეგია, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდს გააჩნია. ის უცვლელია. ვხედავთ, ჩვენი ქვეყანა რა მიმართულებით ვითარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ, ჩემი აზრით, საუკუნეების მანძილზე პირველად არის ვითარება, როცა ამ ქვეყანას, გარდა იმისა, რომ იურიდიულად დამოუკიდებელი ქვეყანაა, სუვერენიტეტი აქვს. ანუ, ეს ქვეყანა ცხოვრობს თავის პრობლემებით, ამოცანებით. ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მერე, პირველად უკანასკნელი წლების მანძილზე, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენა განახორციელა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ იმ გეგმებით და ამოცანებით ვმოქმედებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია და არა ის, რას კარნახობენ ჰეგემონები, სტრატეგიული პატრონები თუ სხვა ტიპის ურთიერთობები, რომლებიც გვქონდა. სამწუხაროდ, წლების მანძილზე საკითხები, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში დღის წესრიგში დგებოდა, როგორ წესი, გვარდებოდა არა საქართველოს ხელისუფლებასთან, არამედ, მაგალითად, აშშ-ის საელჩოსთან ან რომელიმე სხვა გაერთიანების წარმომადგენლობაში. საქართველოს მთავრობა მხოლოდ სხვა ქვეყნების ნების აღმსრულებელი იყო. დღეს ასე არ არის. ქართულ საზოგადოებას აღმოაჩნდა იმის უნარი, გამოცდილება და მოთხოვნილება, რომ, პირველ ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის, ხალხის ინტერესები იყოს გათვალისწინებული და მერე ყველაფერი დანარჩენი. ეს არ არის მარტივი, ხედავთ, ჩვენი ქვეყანა და პირველ რიგში, ხელისუფლება ამის გამო რა წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც პირდაპირ ღიად სიცრუით, ცილისწამებით მიდიოდა ბრძოლა იმ ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნდა. პირველ ყოვლისა, ეს არის საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს ყველასთვის ნათელია. თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს, რომელიც უკრაინიდან ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ხელისუფლებისგან გვესმის, რომელსაც სათავეში ზელენსკი უდგას, ადვილია გამოცნობა იმ იმედებისა, რომელიც მათ საქართველოს ამ კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით ჰქონდათ. უკანასკნელი მოვლენები ზუსტად ამაზე მეტყველებს, ვგულისხმობ ტერორისტული საქმიანობის ქსელს, რომელმაც საქართველოზე გაიარა, მცდელობას, რომელიც სუს-ის მიერ აღკვეთილია. 14 კილო ასაფეთქებელი ნივთიერება და მოწყობილობები იყო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში ჩართვის მცდელობა გრძელდება და კიდევ გაგრძელდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე ხდება და განაპირობებს იმას, მთლიანად მსოფლიოში რა იქნება. ბუნებრივია, რომ ეს ბევრად განაპირობებს იმას, უახლოესი წლების განმავლობაში თუ როგორ პირობებში მოგვიწევს ცხოვრება. ამ ე.წ. დასავლური სამყაროს აბსოლუტური კრახი, რომლის მოწმენიც ვართ, მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიოში პოლიტიკური ძალების კონფიგურაცია და განლაგება, პოლიტიკური სტრუქტურა აბსოლუტურად ახალი იქნება. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, როგორი იქნება. მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა, მზადყოფნაში იყოს იმისთვის, რომ, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა არ დაზარალდეს. ვფიქრობ, დღეს ამის შესაძლებლობა ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია”, – განაცხადა ხაინდრავამ.