“ეს არ არის კომპანიის ბურთი” – რას აცხადებენ ასურეთთან მომხდარ ტრაგედიაზე “სქაი თრეველ გრუფში”

ასურეთთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია “სქაი თრეველ გრუფში” აცხადებენ, რომ საჰაერო ბურთი შეკვეთით იყო დამზადებული და პირადად ფრენის ორგანიზატორს, რევაზ უთურგაურს ეკუთვნოდა.

როგორც კომპანიის თანამშრომელი აცხადებს, დეტალების დაზუსტებას გამოძიებისგან ელიან.

“ეს იყო რეკორდული ფრენა. მისი პირადი ბურთია, ეს არ არის კომპანიის ბურთი, სპეციალურად დაამზადებინა. უნდოდა – შავ ზღვაზე, საქართველოზე გადმოეფრინა, რეკორდი დაემყარებინა და ჩაწერილიყო ისტორიაში.

მეორე – პოლონელი პილოტია, ვინც თავისი ნებით ჩამოვიდა, სპეციალურად ამ მიზნით, მეგობრობდნენ.

საჰაერო ბურთებით 2005 წლიდან დაფრინავს ბატონი რევაზი, თვითონ პოლონელი პილოტიც არის მსოფლიო ჩემპიონი და ასეთი რამეები არ ხდება ხოლმე, არ ვიცით, რა მოხდა. გამოძიებისგან ამ დეტალებს ველოდებით, რანაირად აღმოჩნდნენ მაღალი ძაბვის გადამცემთან. ექნებოდა ნებართვა, რადგან ავიაციაში გადაგზავნილი იყო ყველაფერი,”- აცხადებს “სქაი თრეველ გრუფის” ერთ-ერთი თანამშრომელი “კურიერთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ასურეთთან საჰაერო ბურთის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არიან ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი – მიშო ბიძინაშვილი, კომპანია “სქაი თრეველ გრუფის” დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური და პოლონელი პილოტი – კშიშტოფ ზააპარტი. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები