მედია: “ჰამასმა” ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი გეგმა შესთავაზა

“ჰამასმა” ისრაელს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც მოიცავს, მათ შორის, მძევლების და ცხედრების გაცვლას, ისრაელის ჯარის გაყვანას და ინფრასტრუქტურის აღდგენას.

დოკუმენტს Reuters-ი  გაეცნო.

სააგენტოს ცნობით, ყველა ეტაპი 45-დღიან პერიოდს გულისხმობს.

პირველი 45 დღის განმავლობაში “ჰამასის” ტყვეობაში დარჩენილი ყველა ქალი, ასევე, 19 წლამდე კაცები, მოხუცები და ავადმყოფები იქნება გათავისუფლებული. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან ბავშვები და ქალები იქნება გამოშვებული.

მეორე ეტაპზე, დარჩენილი მძევალი მამაკაცები იქნება გათავისუფლებული, ხოლო ცხედრების გაცვლა მესამე ეტაპზე მოხდება.

“ჰამასში” ელოდებიან, რომ მესამე ეტაპის ბოლოსთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევა იქნება შესაძლებელი.

დაჯგუფებაში ამბობენ, რომ 1500 პატიმრის გათავისუფლებას ელოდებიან, მათი მესამედი უნდა იყოს ისეთი პირი, რომელსაც ისრაელში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, ზავის შედეგად, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, რისთვისაც დღეში 500 სატვირთო მანქანის გაგზავნა იქნება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები