“ჩვენმა სამართალდამცველებმა ძალიან სერიოზული ტერორისტული აქტი აღკვეთეს, ეს შესაძლოა, ძალიან დიდი უბედურების პირდაპირი ტრიგერი ყოფილიყო, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვას ვგულისხმობ” – ნიკოლოზ მეტრეველი
“ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როდესაც ჩვენმა სამართალდამცველებმა ძალიან სერიოზული ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ეს შესაძლოა, ძალიან დიდი უბედურების პირდაპირი ტრიგერი ყოფილიყო, კონკრეტულად საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვას ვგულისხმობ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეტრეველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღებას ეხება.
“როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც 16 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, მთლიანობაში, დაახლოებით, 6 ერთეული დეტონატორი იქნა ამოღებული. ბუნებრივია, დეტალებზე სამართალდამცველები უფრო სიღრმისეულად ისაუბრებენ, მე საზოგადოებისთვის რამდენიმე ასპექტზე მსურს, ყურადღება გავამახვილო. ყველამ კარგად ვიცით ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი. ამ ფონზე, საქართველოს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რათა მშვიდობა შეინარჩუნოს. სწორედ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როდესაც ჩვენმა სამართალდამცველებმა ძალიან სერიოზული ტერორისტული აქტი აღკვეთეს. გარდა იმისა, რომ თავისთავად ტერორისტული აქტი იყო, ეს შესაძლოა, ძალიან დიდი უბედურების პირდაპირი ტრიგერი ყოფილიყო, კონკრეტულად საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვას ვგულისხმობ. იმიტომ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აქედან შესული ასაფეთქებელი ნივთიერებით, ცხადია, რუსეთს ძალიან კარგი ბერკეტი და საშუალება ეძლეოდა იმისათვის, რომ საქართველოსთვის სერიოზული პრეტენზიები წაეყენებინა და რაში გადაიზრდებოდა ეს, ამის თქმა რთულია. აქედან გამომდინარე, მინდა, საზოგადოებამ გაიაზროს მასშტაბი იმისა, თუ რასთან გვქონდა საქმე და რა აღკვეთეს ჩვენმა სამართალდამცველებმა. მუშაობაში ჩართული იყო პროკურატურა, შსს, სუს-ი.
ძალიან უცნაურია უკრაინის საელჩოს განცხადება. იმის მაგივრად, რომ, პირველ ყოვლისა, ჩვენი სამართალდამცველებისთვის მადლობა ეთქვათ (აქ, მათ შორის, უკრაინის ინტერესებსა და უსაფრთხოებაზეცაა საუბარი), მათი მხრიდან ყოვლად ამოუხსნელი განცხადება მოვისმინეთ, რომ ამ საქმის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს. თუმცა, როგორ შეიძლება, მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ საქმის პოლიტიზება არ მოხდეს. ერთი ნიშანდობლივი ფაქტია, მთავარი ორგანიზატორი, რომელიც ეტაპობრივად იკვეთება, ანდრეი შარაშიძეა, რომელიც უკრაინის მმართველი პარტიის,
“ხალხის მსახურის” ერთ-ერთი აქტიური წევრია. ესეც ბევრ კითხვას აჩენს. ზოგადად, როცა არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა დემოკრატიული კუთხით რაღაცით ჩვენზე წინაა, ვთქვათ, რომ 2 დღის წინ უკრაინაში საშინელმა სკანდალმა იფეთქა. საუბარი მაქვს მოსმენებზე, ახალგაზრდა ქალი ჟურნალისტების საძინებლებში ვიდეოაპარატურა, ჩამწერი აპარატურა იქნა აღმოჩენილი. ეს ხალხი უმნიშვნელოვანეს კორუფციულ ფაქტებს იძიებს, რომელიც უკრაინაშია. ჩვენ ვიცით, რომ ის დახმარება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან, თუნდაც საქართველოდან მიდის, ხშირ შემთხვევაში გაჭირვებული ხალხის ხელში არ ხვდება. ზელენსკის კორუმპირებული მთავრობის წარმომადგენლების ჯიბეში მიდის. ამ ფაქტებს იძიებენ ეს ჟურნალისტები და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მათზე ზეწოლას ახდენდა, მათ კომპრომეტირებას ცდილობდა. ალბათ, ეს ხელწერა განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას” ეცნობა და რეალურად, სამწუხაროდ, დღეს უკრაინის ხელისუფლების დიდი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის უკანასკნელ წლებს დაემსგავსა”, – განაცხადა მეტრეველმა.