სალომე ზურაბიშვილი: მიმდინარეობს ანტიდასავლური პროპაგანდა და პრორუსული ჯგუფების წახალისება
,,სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრეზიდენტი საუბრისას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც შეეხო.
,,საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა.
სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაცია: ფრენების აღდგენა, ,,ფეესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.