ეროვნული გალერეა სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს

6 თებერვალს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევრების რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ქანდაკებები საჯარო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მათი უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა საბჭოთა იდეოლოგიასთან შეუსაბამობის გამო. ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევრებისთვის უცხოა სოციალისტური რეალიზმისათვის დამახასიათებელი დიდაქტიზმი. მის შემოქმედებაში ერთ ენაზე ლაპარაკობენ მეფეებიც და ზღაპრის გმირებიც.
გამოფენაზე ფოტო და ვიდეომასალის სახით არის წარმოდგენილი ვაჟა მელიქიშვილის მიერ საბჭოთა პერიოდში სენაკში დადგმული კუბი.
მისი ოფიციალური სახელწოდების – „დიდების კუბის“ მიუხედავად, ავტორი მას „ხსოვნის კუბს“ უწოდებდა. კუბს, ზომის გარდა, დიდებასთან არაფერი აკავშირებს და ომს იმ დროისათვის უჩვეულოდ ტრაგიკული და არაჰეროიკული კონტექსტით წარმოგვიდგენს.
ვაჟა მელიქიშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. სიცოცხლეში ხელოვანის მხოლოდ ერთი გამოფენა გაიმართა მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 2002 წელს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. მაშინ გამოიფინა მისი მხოლოდ რამდენიმე სკულპტურა, ახლანდელი გამოფენა კი საზოგადოებას საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნოს ხელოვანის შემოქმედებას, ქანდაკებებთან ერთად დაათვალიეროს მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც.
გამოფენა10 მარტამდე გასტანს.

მისამართი: რუსთაველის გამზ. №11.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები