Boeing 737-ის 50-მდე თვითმფრინავში ხარვეზი აღმოაჩინეს
Boeing 737-ის 50-მდე თვითმფრინავის ფიუზელაჟში ხვრელების გაბურღვის შეუსაბამობა აღმოაჩინეს, რის გამოც თვითმფრინავები ხარვეზის გამოსასწორებლად გაგზავნეს.
ამის შესახებ ABC TV Boeing Commercial Airplanes-ის ხელმძღვანელზე, სტენ დილზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც დილმა თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში ამბობს, ფიუზელაჟებზე რამდენიმე ხვრელი „შესაძლოა, ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად არ იყოს გაბურღული”.
თუმცა, მისი თქმით, “ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს ფრენისთვის და 737-ის ყველა თვითმფრინავის უსაფრთხოდ ექსპლუატაცია გაგრძელდება. თუმცა, ამ დროისთვის მიგვაჩნია, რომ, დაახლოებით, 50 თვითმფრინავში სამუშაოს დასრულება დაგვჭირდება”.
5 იანვარს Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX 9 აშშ-ში ავარიულად მას შემდეგ დაეშვა, რაც ჰაერში ფიუზელაჟის განყოფილება ამოვარდა და სალონში წნევა დაეცა. ამ ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) შემოწმებისთვის 171 ასეთი თვითმფრინავის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვა. Alaska Airlines-მა თავისი 65-ვე Boeing 737 MAX 9-ის ოპერირება პირველმა შეაჩერა.