რუსეთის ცესკომ ნადეჟდინის ხელმოწერების 15%-ზე მეტი დაბლოკა, დასაშვები 5%-ზე ნაკლები იყო
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბორის ნადეჟდინის ხელმოწერების 15,348% დაბლოკა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, წარსადგენ ხელმოწერებში ხარვეზი 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაშია დასაშვები.
ამის შესახებ Telegram-ში ნადეჟდინის შტაბის მოადგილე იგორ არტემიევმა დაწერა.
შესაბამისად, საარჩევნო კომისიის (ცესკო) სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ არჩევნებში ბორის ნადეჟდინის კანდიდატად რეგისტრაცია არ მოხდეს.
საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 7 თებერვალს იქნება მიღებული.
ბორის ნადეჟდინი ის სავარაუდო კანდიდატი უნდა ყოფილიყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგი იყო. კანდიდატის დასარეგისტრირებლად პირს ყველა რეგიონიდან 2500, ჯამურად, 100 ათასი ხელმოწერა სჭირდებოდა.
იანვრიდან რუსეთის ყველა რეგიონში, ასევე, დიდ ქალაქებში ნადეჟდინის შტაბთან მრავალათასიანი რიგი იდგა.
ხელმოწერისკენ ალექსეი ნავალნის შტაბი, ასევე, მიხეილ ხადარკოვსკიც მოუწოდებდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყველას ესმოდა, რომ ნადეჟდინს არჩევნებში “არ გაამარჯვებინებდნენ”, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე საზოგადო მოღვაწეები და მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ხელმოწერების შეგროვება, პოტენციურად, რეფერენდუმს წარმოადგენდა. ნადეჟდინმა, ჯამურად, 200 ათასზე მეტი ხმა შეაგროვა, თუმცა ცესკოში, წესის მიხედვით, 100 ათასი მიიტანეს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები15-17 მარტს ჩატარდება.
კენჭისყრაში მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იყრის კენჭს.