პუტინი: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეები სამშობლოს თავდაუზოგავად იცავენ
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეები სამშობლოს თავდაუზოგავად იცავენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „მოძრაობა პირველის“ კონგრესის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
„ფრონტის ხაზზე ჩვენს ჯარისკაცებს 3 მილიონი წერილი გაეგზავნა – ადამიანები, რომლებიც არ ზოგავენ თავს, იცავენ სამშობლოს ინტერესებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში“, – ხაზგასმით აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
პუტინმა მოძრაობის მონაწილეთა სხვა მიღწევებიც ჩამოთვალა და თქვა, რომ ბიჭებმა ეროვნული ერთიანობის დღისთვის 2 მილიონი ხე დარგეს. გარდა ამისა, მათ დაახლოებით 400 ათასი წიგნი შეაგროვეს და დონბასსა და ნოვოროსიაში თანატოლებს გაუგზავნეს.
ცნობისთვის, მანამდე კრემლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაცია იქამდე არ დასრულდება, ვიდრე რუსეთი დასახულ მიზნებს არ მიაღწევს.