ბიტლომანია ფოტოებზე და ფოტოებს მიღმა – ტერმინის ისტორია
ბიტლომანიის წარმოშობის დღედ 1963 წლის 13 ოქტომბერი ითვლება. ამ დღეს The Beatles კონცერტით წარდგა ლონდონის დარბაზ „პალადიუმში“. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი ინგლისის მასშტაბით გადაიცემოდა პროგრამით „კვირა დღე ლონდონის „პალადიუმში““, ათასობით თაყვანისმცემელმა (ძირითადად, მოზარდებმა) დაიკავეს საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ქუჩები იმის იმედით, რომ თუ კონცერტზე ვერ მოხვდებოდნენ, საკუთარი თვალით მაინც დაინახავდნენ „The Beatles-ის“ წევრებს. მთელი კონცერტის მანძილზე დარბაზში ისმოდა გამაყრუებელი ხმაური, რომელიც მუსიკასაც კი ფარავდა. კონცერტის დასრულების შემდეგ, როდესაც მუსიკოსები ტოვებდნენ დარბაზს, ქუჩაში მყოფმა თაყვანისმცემელთა ბრბომ თავიანთ კერპთა ნახვის წყურვილით მოაწყო ჭყლეტა. The Beatles-მა მანქანამდე მიაღწია მხოლოდ პოლიციის დახმარებით.
ორი დღის შემდეგ, 1963 წლის 15 ოქტომბერს, გაზეთ The Daily Mirror-ში დაიბეჭდა სტატია „The Beatles-ის“ მიერ ჩატარებული კონცერტის შესახებ. თაყვანისმცემელთა მოქმედების აღწერისას გამოყენებულ იქნა სიტყვა „ბიტლომანია“. სწორედ ეს ტერმინი აიტაცეს სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც.
ბიტლომანიამ უდიდესი გავლენა იქონია როგორც მსოფლიო მუსიკალურ კულტურაზე, ასევე კონკრეტულ შემსრულებლებზეც.
ჯგუფის მოყვარულები იყვნენ ან არიან ცნობილი მუსიკოსები, მაგალითად, Queen-ის ლიდერი ფრედი მერკური, ჯგუფ ნირვანას ლიდერი კურტ კობეინი, ჯგუფ Electric Light Orchestra-ს ლიდერი ჯეფ ლინი და სხვები. აურაცხელია The Beatles-ის სიმღერების სხვა ცნობილ თუ არაცნობილ შემსრულებელთა მიერ ჩაწერილი და კონცერტებზე შესრულებული ვერსიების რაოდენობა. მრავლადაა გამოცემული ასევე სხვადასხვა შემსრულებლის მიერ მთლიანი ალბომებიც კი. ჯერ მარტო 1970-იანი წლების ბოლოსთვის არსებობდა სიმღერის „Yesterday“ ათასზე მეტი ვერსია, ჩაწერილი ამა თუ იმ შემსრულებლების მიერ.