ლევან რატიანი – რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალზე: დაახლოებით 50 ადამიანზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენთან შეეძლებათ მუშაობის დაწყება
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათი კლინიკა მზადაა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს.
მისივე თქმით, კლინიკას დაახლოებით 50 თანამშრომლის მიღება შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით მათთვის არავის მიუმართავს.
“ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეიჩარის სამსახურს გადავეცით სია, რა თანამდებობაზე რომელი მედპერსონალის აყვანის შესაძლებლობა გააჩნია ჩვენს კლინიკას. დაახლოებით 50 ადამიანზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენთან შეეძლებათ მუშაობის დაწყება. როგორც ვიცი, ჯერჯერობით კლინიკის კანცელარიისთვის არავის მოუმართავს”, – განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა დღეს კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ.
შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.