ნინო კობახიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე: მათთან კომუნიკაციის მზაობას ვაცხადებთ

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო კობახიძის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ.

„პარასკევიდან ჯანდაცვის უწყებასთან ვართ ხაზზე. საკმაოდ ფართო ქსელი გვაქვს. ვისაც ექნება სურვილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ ლოკაციის განხილვის, სიამოვნებით ვაცხადებთ მზაობას მათთან კომუნიკაციის“, – აღნიშნა კობახიძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.

ამასთან, “ქრონიკასთან” საუბარში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების დასაქმებაზე მზაობა გამოთქვა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დირექტორმა გია გრძელიძემ და საქართველოს კლინიკების და „ევექს კლინიკების“ გენერალურმა დირექტორმა, ზურა ქიტოშვილმაც.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა დღეს კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები