პირველი ქალი მილიონიერი, სარა ბრიდლავი – გზა მრეცხავობიდან გინესის რეკორდების წიგნამდე
ფერადკანიანი ამერიკელი სარა ბრიდლავი, რომელსაც უმრავლესობა იცნობს როგორც მადამ სი ჯეი უოლკერს – დაიბადა გათავისუფლებული მონების ოჯახში. მან თავად მიაღწია წარმატებას და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც პირველი ქალი მილიონერი, მაგრამ სარა მხოლოდ საკუთარი წარმატებით როდი კმაყოფილდებოდა – ის ათასობით ფერადკანიანი ქალისთვის უზრუნველყოფდა მაღალანაზღაურებად სამსახურს და მათ ოჯახებს სიღარიბისგან იხსნიდა.
სარა ბრიდლავი ლუიზიანას შტატში 1867 წელს დაიბადა. მისი დაბადებისას მონობა უკვე გაუქმებული იყო, ამიტომ გოგონა თავისუფალი დაიბადა. მისი მშობლები და უფროსი ძმები მონები იყვნენ ბამბის პლანტაციაში და არ ენახათ სხვა ცხოვრება, გარდა სიღარიბისა და დამცირებისა.
როდესაც სარა 7 წლის გახდა, მისი მშობლები დაიღუპნენ და გოგო თავისთან წაიყვანა უფროსმა დამ, ლუვენიამ. მისი მეუღლე, ვილი პაუელი, ძალიან სასტიკი ადამიანი იყო და ცემა მათ ოჯახში ნორმად ითვლებოდა. ნათესავებს ტვირთად რომ არ დასწოლოდა, სარამ ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა, ამიტომ განათლების მიღების საშუალება მას არ ჰქონდა.
მოგვიანებით, მადამ სი ჯეი უოკერი ჰყვებოდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მან სწავლისთვის მხოლოდ სამი თვის დათმობა შეძლო. თავისი მოკლეხნიანი განათლება გოგონამ საკვირაო სკოლაში მიიღო, სადაც ძირითადი საგანი ბიბლიის შესწავლა და ფსალმუნებს გალობა გახლდათ. მიუხედავად ამისა, სარა კარგად კითხულობდა და წერაც კი ისწავლა.
14 წლის ასაკში მას გათხოვება მოუწია მოზეს მაკუილიამსზე. ქორწინება ერთადერთი შესაძლებლობა იყო, რომ ოჯახიდან წასულიყო და გათავისუფლებულიყო მუდმივი საფრთხისგან დისა და მისი ალკოჰოლდამოკიდებული მეუღლისგან. ოჯახური ცხოვრებიდან 4 წლის შემდეგ სარასა და მოზესს ეყოლათ ქალიშვილი ა`ლელია. კიდევ ორი წლის შემდეგ მაკუილიამსი გარდაიცვალა, ხოლო მისი 20 წლის მეუღლე პატარა შვილთან ერთად მარტო დატოვა სრულიად უსახსროდ.
სამსახურის დასაწყებად, სარას სენტ-ლუისის შტატში მოუწია გამგზავრება, სადაც მისი უფროსი ძმები ცხოვრობდნენ. მამაკაცები თმის სტილისტებად მუშაობდნენ და სიღარიბისგან ისევ ვერ დაეღწიათ თავი, მაგრამ მაინც შეიფარეს თავიანთი და, მისივე შვილთან ერთად. 1888 წელს სარამ მუშაობა დაიწყო ერთდროულად მრეცხავად და მზარეულად. მისი დღიური ანაზღაურება შეადგენდა 1,5 დოლარს.
მრეცხავად მუშაობამ ძალიან შელახა ქალის ჯანმრთელობა – მაღალი ტენიანობისა და მათეთრებელი ქიმიური ნივთიერებების გამო, ის თითქმის გამელოტდა. საბოლოოდ რომ არ დაეკარგა თმა, სარამ დახმარება ძმებს სთხოვა – ესწავლებინათ კანისა და თმის მოვლის საფუძვლები. შამპუნებით და ნიღბებით დაინტერესებულმა ქალმა აშშ-ში ცნობილი მწარმოებელი ენი მელოუნი გაიცნო და მისი სავაჭრო აგენტი გახდა.
ახალმა სამსახურმა სარასა და მის ქალიშვილს საშუალება მისცა დენვერში გადასულიყვნენ და ახალი ცხოვრება დაეწყოთ. ფულიც უფრო და უფრო მეტი გაუჩნდა და ბრიდლავი თმის მოვლის საშუალებების საკუთარი ხაზის გამოშვებაზე დაფიქრდა. მან ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო და რამდენიმე კარგი ფორმულა იპოვა, რამაც საშუალებაც მისცა, გამოეშვა ახალი პროდუქცია.
1906 წელს სარა მეორედ გათხოვდა ჩარლზ ჯოზეფ უოლკერზე. ამ მომენტიდან სარა ბრიდლავი ქრება და ჩნდება ახალია ბიზნეს-ლედი – მადამ სი ჯეი უოლკერი. მეუღლემ სერიოზულად დაუჭირა მხარი მის ბიზნესს, ვინაიდან სარეკლამო აგენტად მუშაობდა. მან სარას მარკეტინგის საფუძვლები ასწავლა და ყველა წამოწყებაში ეხმარებოდა.
საკუთარი პროდუქციის გასავრცელებლად, მადამ სი ჯეი უოლკერს დენვერის ქუჩებში სიარული და ადამიანებისთვის საკუთარი შამპუნებისა თუ ბალზამების შეთავაზება უწევდა. გარდა ამისა, ქალი აფროამერიკელებს ასწავლიდა თმის დავარცხნას და ზოგად, თავის მოვლას.
ბიზნესმა შემოსავლის მიღება დაიწყო და სარამ შტატებში დაიწყო მოგზაურობა საკუთარი პროდუქციის გასავრცელებლად. მისი უკვე წამოზრდილი ქალიშვილი ა’ლელია, რომელსაც მშობლებმა კარგი განათლება მისცეს, დენვერში რჩებოდა და ეხმარებოდა მშობლებს იმით, რომ საფოსტო შეკვეთებს იღებდა და სხვადასხვა შტატში აგზავნიდა. ორწლიანი მუშაობის შემდეგ ოჯახმა პიტსბურგში სახლი შეიძინა და იქ გადაცხოვრდა.
ახალ ადგილზე მადამ სი ჯეი უოლკერმა და მისმა მეუღლემ სილამაზის სალონი და კოლეჯი გახსნეს, სადაც თმის მოვლასა და საპარიკმახერო საქმიანობას ასწავლიდნენ. 1910 წელს სარამ კვლავ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ოჯახთან ერთად ინდიანაპოლისში გადავიდა. ამ დიდ ქალაქში მან Madam C. J. Walker Manufacturing Company-ის ოფისი გახსნა, ააშენა ფაბრიკა, სილამაზის სალონი და სამეცნიერო ლაბორატორია. ახალი თანამშრომლებისთვის საქმიანობის შესასწავლად მან სკოლაც დააარსა, რომელიც კომერციულ აგენტებს ამზადებდა.
1917 წელს მადამ სი ჯეი უოლკერთან 20 ათასი ქალი მუშაობდა, რომელიც დღიურად 5-დან 15 დოლარამდე იღებდა. ისინი Madam C. J. Walker-ის პროდუქციას უკვე მთელი აშშ-ის მასშტაბით სთავაზობდნენ მომხმარებლებს. სარა ფერადკანიან ქალებს არა მხოლოდ სამუშაოს აძლევდა, არამედ ასწავლიდა მათ, საკუთარი ძალებით გამოემუშავებინათ ფული, დაეგეგმათ ბიუჯეტი და მოევლოთ საკუთარი თავისთვის.
კომპანიის შემოსავლები იზრდებოდა და სარამ მიიღო შესაძლებლობა, დაკავებულიყო ქველმოქმედებითა და პოლიტიკით. მადამ სი ჯეი უოლკერმა ფონდი დააარსა, იხდიდა სტიპენდიებს, იბრძოდა თანაბარი უფლებებისთვის, ხსნიდა თავშესაფრებს და სკოლებს. სიცოცხლის ბოლოს ამ არაჩვეულებრივმა ქალმა 100 ათასი დოლარი უსახსოვრა ბავშვთა სახლებს, ხოლო სამომავლოდ მისი ფირმის შემოსავლებიდან, ანდერძის მიხედვით, 2/3 უნდა გადარიცხულიყო ბავშვთა სახლების დასახმარებლად.
მადამ სი ჯეი უოლკერმა სამყარო ძალიან ადრე დატოვა, 51 წლის ასაკში, მაგრამ ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეძლო. ეს ქალი ყველაზე მდიდარი აფროამერიკელი გახდა არსებული კაპიტალით, რომელიც 500 ათასიდან 1 მილიონამდე ფასდებოდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში დოლარი გაცილებით მეტად ფასობდა, ვიდრე ახლა, ამიტომ ეს ძალიან დიდი ქონება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონის გარდაცვალებიდან თითქმის საუკუნეზე მეტი გავიდა, მისი მაგალითი დღემდე შთააგონებს სხვებს და ამტკიცებს, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი საკუთარი ძალებით, მთავარია – ყოველთვის ადამიანად დარჩე. სარა ბრიდლავის დამსახურება საკმაოდ დაფასდა. 2010 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვა.
სარა ბრიდლავის ისტორია იმდენად გასაოცარია, რომ მისი ეკრანიზება გარდაუვალი იყო. ტელეკომპანია Netflix-მა 2020 წლის მარტში გადაიღო მინი-სერიალი, რომელიც მისი ცხოვრების შესახებ ჰყვება.